ოქსფორდის უნივერსიტეტმა და AstraZeneca-მ „ომიკრონ“ შტამზე მორგებული ვაქცინის ვერსიის წარმოებაზე მუშაობა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Financial Times-ი ავრცელებს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, სენდი დუგლასმა განაცხადა, რომ განახლებული ვაქცინა შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ ახალ ვარიანტზე უფრო სწრაფად რეაგირებისთვის.
„ჩვენს პარტნიორ AstraZeneca-სთან ერთად წინასწარი ნაბიჯები გადავდგით განახლებული ვაქცინის წარმოებისთვის“, – აღნიშნა სენდი დუგლასმა.
სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზით უზრუნველყოფილი დაცვა სრული ვაქცინაციიდან სამ თვეში მცირდება, მათ შორის მძიმე დაავადების წინააღმდეგ.
ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, ადრეული მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცვის აღდგენას უწყობს ხელს.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
