„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ლოგიკური იყო, თუმცა, ამჟამად, არაფერია უცნაური იმაში, რომ პატიმარს უკან – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აბრუნებენ.
„მე თვითონაც აღშფოთებული ვიყავი, როდესაც ის შიმშილობდა და არ გადაჰყავდათ იქ, სადაც უნდა გადაეყვანათ და ემკურნალათ – საავადმყოფოში, მაგრამ არ ვიცი, რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ პატიმარს ციხეში აბრუნებენ“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
საქართველოს მასჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
