„არ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია პარლამენტში, რომლის გამოც, საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, მაგრამ გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტში შემოვიდნენ და მუშაობა და ფუნქციონირება დაიწყონ“, – აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს „გირჩი“ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ დაუჭერს.
„ჩვენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ მის შექმნაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხელს არ შევუშლით იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენ დაგვჭირდება, მხარს დაგვიჭერენ და მეორე – საკუთარი ტელეარხებით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ „ქოცების“ მეგობრები ვართ“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის შესახებ პროექტის ინიცირების უფლება აქვს, მათ შორის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს ანუ 30 დეპუტატს, ხოლო შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 1/3, შესაბამისად, საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა.
