აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ს დემოკრატიის სირცხვილი უწოდა.
3 იანვარს, ამერიკელ კონგრესმენს, „რესპუბლიკელ“ მარჯორი ტეილორ გრინს Twitter-მა გვერდი სამუდამოდ დაუბლოკა. მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაა.
„Twitter-ი დემოკრატიის სირცხვილია. მას არ უნდა მიეცეს ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთების უფლება. მარჯორი ტეილორ გრინი პატიოსან, პატრიოტ და შრომისმოყვარე ამომრჩევლებს წარმოადგენს. ისინი არ იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას ურცხვი Twitter-ისა და Facebook-სგან. ყველამ უნდა დატოვოს Twitter-ი და Facebook-ი. ისინი მოსაწყენები არიან, მხოლოდ რადიკალურ მემარცხენე თვალსაზრისს წარმოადგენენ. ისინი ყველას სძულს. ისინი ჩვენი ქვეყნის სირცხვილი არიან. განაგრძე ბრძოლა, მარჯორი!“ – ნათქვამია აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის განცხადებაში.
2021 წლის 21 ოქტომბერს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა TRUTH Social-ი დააანონსა.
2021 წლის იანვარში, Facebook-მა, Instagram-მა და Twitter-მა ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს, მას შემდეგ რაც მისმა მხარდამჭერებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს და კონგრესის შენობა შტურმით აიღეს. შტურმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სოციალური ქსელების ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ ტრამპი თავისი შეტყობინებებით მხარდამჭერებს აქეზებდა.
