რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო.
როგორც რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, „ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით ხდება“.
გვიან ღამით ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საგარეო აგრესიის აქტად შეაფასა და დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერებს მიმართა. მალევე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს ხელმძღვანელობს, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება გამოაცხადა.
უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ყაზახეთი.
როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური აღნიშნავს, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების სამშვიდობო კონტინგენტები სპეციალურად მომზადებული სამხედრო, საპოლიციო და სამოქალაქო პერსონალისგან შედგება“.
