ვლოცულობ, რომ არასდროს განმეორდეს ისეთი დღე, როგორიც ერთი წლის წინ ამ დღეს გვქონდა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით, 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმი დემოკრატიაზე თავდასხმა იყო.
„გასულ წელს, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, პრეზიდენტმა არა მხოლოდ წააგო არჩევნები, არამედ ცდილობდა ხელი შეეშალა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის, როდესაც ძალადობრივი ბრბო კაპიტოლიუმს თავს დაესხა. მაგრამ მათ ვერ მოახერხეს ეს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასეთი თავდასხმა აღარასოდეს განმეორდეს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
2021 წლის 6 იანვარს, ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.