ვინ შეინარჩუნებს და ვინ დაემშვიდობება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ თანამდებობას, დღეს გახდება ცნობილი. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები წინასწარ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა განმარტავენ, რომ სხდომაზე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რომლებიც ამ პარტიის მომავალ დღის წესრიგს განსაზღვრავს.
ვიდრე პარტიული საკადრო გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი, აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა ისევ ქუჩის აქციებს უკავშირდება.
„პოლიტსაბჭოს დასრულებამდე მე ამ გადაწყვეტილების შესახებ, ცხადია, ვერ ვისაუბრებ. ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. პოლიტიკური საბჭოს სხდომა რომ იმართება, იქ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ამიტომ, გამორიცხვით, რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ამ გადაწყვეტილებების შესახებ როცა ჩემი კოლეგები, ყველა ერთად ვიმსჯელებთ, საჯაროდ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილი.
