ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მომენტის წინაშე ვდგავართ, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობა გრძელდება, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ. ნატოს მტკიცედ სჯერა, რომ დაძაბულობა დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა მოგვარდეს. დღეს ნატომ რუსეთს ჩვენი წერილობითი წინადადებები გადასცა“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატო არ წავა კომპრომისზე თითოეული ქვეყნის უფლებაზე, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები.
„რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისა და მავნე საქმიანობისგან, რომელიც ნატოს მოკავშირეებსა და სხვა ქვეყნებზეა მიმართული. რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც მისი ძალები აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშ არიან განლაგებულნი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოთხოვნები წარუდგინა.
ოფიციალური მოსკოვი აშშ-სა და ნატოსგან ითხოვს:
- გამოირიცხოს ნატოს შემდგომი გაფართოება და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება
- არ განთავსდეს დამატებითი ჯარები და იარაღი იმ ქვეყნების გარეთ, სადაც ისინი 1997 წლის მაისის მდგომარეობით იმყოფებოდნენ
- უარი ითქვას ნატოს სამხედრო აქტივობებზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
- არ განთავსდეს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები იქ, სადაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება
- არ ჩატარდეს წვრთნები ერთზე მეტ სამხედრო ბრიგადასთან შეთანხმებულ სასაზღვრო ზონაში და რეგულარულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა სამხედრო წვრთნების შესახებ
- დადასტურდეს, რომ მხარეები ერთმანეთს არ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეებად და შეთანხმდნენ, რომ ყველა დავა მშვიდობიანი გზით გადაწყდება და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან
- ვალდებულება, რომ არ შეიქმნება ისეთი პირობები, რომელიც მეორე მხარის მიერ საფრთხედ შეიძლება აღიქმებოდეს
- ცხელი ხაზების შექმნა საგანგებო კონტაქტებისთვის