რაც შეეხება უშუალოდ გრიგოლ ხურცილავას მონაწილეობას ამ დანაშაულებრივ მოქმედებაში. ფაქტი იმისა, რომ გიორგი სანაია ჯერ კიდევ 25 ივლისის ღამის საათებში, შემდგომში 26 ივლისს იმყოფებოდა გრიგოლ ხურცილავასთან ერთად, და სხვა, რომელიმე პირი, მათი ამ ერთად ყოფნის პერიოდში მათთან ერთად არ იყო, დადასტურებული არის მათ შორის 2001 წელს ნაწარმოები გამოძიების დროს თავად გიორგი სანაიას მეგობრების და კოლეგების ჩვენებიდან, ისევე როგორც, ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებიდან, რომლებიც ადასტურებენ მხოლოდ ამ ორი ადამიანის ყოფნას, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე საუბრისას.
„რაც შეეხება ყველა სხვა შესაძლო ვერსიას გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის თუ შოთა ჭიჭიაშვილის მასში მონაწილეობის თაობაზე. ამ ეტაპზე, როგორც აღვნიშნე, ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შოთა ჭიჭიაშვილის შესახებ მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამგვარი სცენარი ფიზიკურად ვერ იარსებებდა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დანაშაულში საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფნის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებდა. რაც შეეხება ე.წ. ვიდეოკასეტის გადაცემის გარემოებებს, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად კონსტანტინე ციხისთავის ჩვენება არ არის ინფორმატიული, მაგალითისთვის ნივთიერ მტკიცებულებებთან ან სხვა მატერიალურ მტკიცებულებებთან მიმართებით. ის უბრალოდ უთითებს ზოგად შეხვედრებს, კონკრეტულ პირებს, რომელთა გამოკითხვა მოხდა სრულად, ყველა პირი ვისზედაც ის საუბრობდა განახლებული გამოძიების ფარგლებში ხელახლა გამოიკითხა და მათი ჩვენებებით არ დასტურდება რაიმე სახის შემხებლობა გიორგი სანაიას მკვლელობასთან. შესაბამისად, რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა, რომელიმე ამ ვერსიის დადასტურებულად მიჩნევა, ან სხვა რომელიმე კონკრეტული პირის მონაწილეობის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება კონსტანტინე ციხისთავის ჩვენებაში ისევე, როგორც მისი გადამოწმების შედეგად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში არ ჩატარებულა“, – გაანცხადა პროკურორმა.
