პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქოლცენტრების საეჭვო საქმიანობის შესწავლა საგამოძიებო სამსახურს დაავალა. ამ საკითხზე ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ ვრცლად „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მან განმარტა თაღლითური სქემის მოქმედების პრინციპი და ამ სქემასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების სავარაუდო კავშირზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს არ არის ლოკალური პრობლემა, ესაა საერთაშორისო დონის თაღლითური სქემა, რომელიც წლებია მოქმედებს და ამ ეტაპზე არის საქართველო-უკრაინა-ალბანეთის სქემებზე საუბარი და საქართველო განსაკუთრებული აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით. ეს არის ქოლცენტრის საფარქვეშ შეფუთული თაღლითური სქემა, რომელიც მოქმედებს ასე: სხვადასხვა ქვეყნებში უკავშირდებიან ე.წ. ოპერატორები სხვადასხვა მოქალაქეებს. აქ არის არჩეული მიზნობრივი ჯგუფი, ესენი არიან ძირითადად საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები, რომლებსაც აქვთ დანაზოგი, ფასიანი ქაღალდები და ე.წ. პატარა დოვლათი აქვთ შექმნილი. პირდაპირ ეკონტაქტებიან ამ ადამიანებს და სთავაზობენ სხვადასხვა ფიქციურ პროდუქტებს. ეს სქემა მოქმედებს როგორ: სთავაზობენ ფულის დაბანდებას გამდიდრების მიზნით და თუკი ამ თაღლითურ სქემაში მოხვდება რომელი მოქალაქე, ჩავთვალოთ, რომ მან ყველანაირი შემოსავალი დაკარგა. ეს თანხები შემდეგ მიდის ოფშერებში რეგისტრირებულ კომპანიების ანგარიშებზე. ეს სქემები წლებია უკვე მოქმედებს.
საქართველოში არსებული „morgan limited“ არის ქოლცენტრის საფარქვეშ შეფუთული ორგანიზაცია და არის ასევე, უკრაინაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაცია „milton group“-ის წარმომადგენელი. სხვადასხვა გამოძიებით, სხვადასხვა ინფორმატორების და მოწმეების მიერ სახელდება milton group“-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირად დავით თოდუა. ეს ადამიანი ესწრება და ახლაც მონაწილეობას იღებს „milton group“-ის სხვადასხვა საზეიმო, საინფორმაციო, თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში და ის გახლავთ დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი. არსებობს უძრავი ქონების სააგენტო „project partners“, რომლის მფლობელები არიან დავით თოდუა და დავით კეზერაშვილი, ამავე კომპანიის ხელმძღვანელი გახლავთ გია გეწაძე, ამ კომპანიის მფლობელობაშია ორგანიზაცია „elitcomfortbad“, რომლის მეწილე გახლავთ პეტრე ცისკარიშვილი.
ეს საერთაშორისო თაღლითური სქემა ნელ-ნელა გამოვლენილია და ეს საქმე მიდის იმ მოცემულ ნიშნულთან, რომელთანაც უნდა მოხდეს გამოვლენა კონკრეტული ხელმძღვანელების და კონკრეტული ორგანიზატორების. ამ გამოძიებაში ჩართულია 21 ქვეყნის ათეულობით ჟურნალისტი, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ კონკრეტულ პირებზე, მათ შორის თოდუა-კეზერაშვილზე. ახლა როდესაც თითქმის ბოლოშია გასული გამოძიება, მოხდა ისე, რომ კეზერაშვილის დაფინანსებული ე.წ. ანტიკორუფციული ბიურო გამოვარდა, დაიწყო თითქოს ხმაურიანი განცხადებების გაკეთება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ფიგურირებენ კონკრეტულ თაღლითურ სქემაში. ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომ რამენაირად ეს თაღლითური სქემა შეიფუთოს პოლიტიკურად და ითქვას: აი, დავით კეზერაშვილი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი შემომწირველი, მის მიმართ, მიზანმიმართულად გორდება კამპანია, რომ ის არის თაღლითური სქემის შემქმნელი და ამ სქემაში მონაწილეობს. მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ ეს საქართველოს, ლოკალური გამოძიება არ არის. ეს არის საერთაშორისო მასშტაბის თაღლითური სქემა, რომელზეც საერთაშორისო გამოძიება დაიწყო. ახლა ცდილობენ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ, რომ გაითეთრონ თავი. არადა პირდაპირ კავშირშია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობასთან ეს კონკრეტული სქემა“, – განაცხადა ქადაგიძემ