„ამ დარბაზში ხშირად ისმის ინტრიგა, შეურაცხყოფა, დაპირისპირება, კარგის ცუდად წარმოჩენა და ცუდის კმაყოფილებით აჟიტირება – ღირსებაზე საუბარი ისმის იმ პარტიისგან, რომელსაც სწორედ უღირსობის გამო ჩამოართვა საზოგადოებამ ხელისუფლება და დღემდე, უკვე მესამე მოწვევაა, ამ ძალაუფლებას არ უბრუნებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, პარლამენტში სახელმწიფოს დარგობრივი პოლიტიკაზე უნდა მსჯელობდნენ და არა ვიწროპარტიულ ინტერესებზე.
„მოქალაქეებს რომ ჰკითხოთ, მათი უდიდესი ნაწილი ამ დარბაზიდან მხოლოდ სკანდალურ განცხადებებს გაიხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანასა თუ რეგიონში მიმდინარე ცხელი პოლიტიკური პროცესები ხშირად მოითხოვს პოლიტიკურ შეფასებებს, ვფიქრობ, ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ, განცხადებები უფრო მეტად თემატური, დარგობრივი გავხადოთ და პოლიტიკის რეჟიმში გადავიყვანოთ. ყველა მიმართულებით, ნამდვილად ბევრი რამ კეთდება, თუმცა, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში. კარგი მაგალითი იყო, როდესაც პოზიცია და ოპოზიცია საქმეში გაერთიანდა და მიზნად დაისახა პოზიტიურ შედეგზე გასვლა. ეს ეხება საპენსიო საბანკო სესხებს, შეღავათსა და შედეგს, რომელიც უკვე მიღწეულია. ამ შემთხვევაში, ქართული მედიაც გადაეწყობა და არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ სკანდალებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გაყიდვადია. სკანდალები უკვე ტოქსინად იქცა საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის კომიტეტი აქტიურად მუშაობს მედიკამენტებსა და მის მაღალ ფასზე. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. კომიტეტი ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა სოციალურად დაუცველთა მიმართ პოლიტიკა უფრო ეფექტიანი იყოს.
„მივმართავ ოპოზიციას, ერთმანეთს ძალას ნუ ვართმევთ და ნუ ვაკარგინებთ დროს. ვიმუშაოთ და ვისაუბროთ საგნობრივად, ჩვენი პოლიტიკა გათვლილი იყოს ქვეყნის და არა პარტიულ ინტერესებზე“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
