არათუ იმ დროს, როცა უკრაინა უმძიმეს სიტუაციაშია და ოკუპანტის თავდასხმის ობიექტია, არამედ იმ დროსაც კი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ მთელი დამნაშავე ელიტა შეიფარა უკრაინის ხელისუფლებამ, მაშინაც კი არ წამოგვცდენია საყვედურები. ახლა ამას ნამდვილად არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელ ხალხს ამ ბრძოლაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ასე გავაგრძელებთ, რა რეაქციებიც არ უნდა იყოს მეორე მხრიდან, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით. როგორც წესი, ოკუპირებულ ქვეყანას სანქციების დაწესებას არ სთხოვენ. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, გარკვეული კოორდინაციაც შეინიშნება, თუმცა ამაზე საუბარს ჩვენ დღეს არ ვაპირებთ და უბრალოდ ვაფიქსირებთ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას ყველაფრის მიუხედავად. რაც შეეხება იმას, რომ ეს მოხდა საქართველოსთან მიმართებაში – არა მოლდოვასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან ან ისრაელთან – ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს მცდელობა, საქართველო ჩაებას ომში. თუ ამაზე ჩვენ ვთანხმდებით, რომ საქართველო უნდა ჩაებას ამ ომში, მაშინ ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა ჩავებათ ომში, მაშინ ალბათ ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. თუ საბრძოლველი იქნება ვიბრძოლებთ ყველგან ბოლომდე, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ოკუპანტი ქვეყნის ჯარი დგას ქვეყნის შუაგულში, ცენტრალურ მაგისტრალთან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – ან ასე, ან ისე. თუ ხალხი თვლის, რომ არ უნდა ჩავებათ ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი, მაშინ ეს არის ის პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან ოკუპანტს, შეიძლება ჰქონდეთ ბუნებრივი ინტერესი, რომ სხვა ქვეყანაც ჩაერთოს ომში, მათ შორის ოკუპირებული ქვეყანაც. ეს შეიძლება გარედან ვიღაცის ბუნებრივი ინტერესი იყოს, მაგრამ ქვეყნის შიგნით ეს ინტერესი თუ ვინმეს აქვს – ყველამ საკუთარ თავს დაუსვას ეს კითხვა. თუ საბრძოლი იქნება, ამაში ჩვენზე წინ რეაგირება ვერავის ექნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ჩავერთოთ იმ ომში, სადაც, სამწუხაროდ, ყველაფერი წინასწარ იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა მდინარაძემ.
