ომის დაწყებისთანავე უკრაინამ მოიპოვა მორალური უპირატესობა – აბსოლუტურად მთელი ერი ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში, – ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა ალუდა სეთურიძემ „იმედი LIVE“-ის პირდაპირ ეთერში ისაუბა.
„მოდით დავიწყოთ საუბარი იქიდან, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, დამპყრობელი, რომელიც მიუვარდა მეზობელ უკრაინას და ემუქრება სრული დაპყრობითა და საბოლოო ოკუპაციით. მას ეს რა თქმა უნდა, არ გამოუვა და ჯერჯერობით ვერანაირ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი საბოლოოდ უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, ვინაიდან უკრაინა იბრძვის სიმართლისთვის და სამშობლოსთვის. უკრაინამ ომის დაწყებისთანავე პირველ რიგში, მორალური უპირატესობა მოიპოვა მთლიან საბრძოლო მოქმედებებზე, ამაში მე ვგულისხმობ, რომ აბსოლუტურად მთელი ერი ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში, რამაც ძალიან საინტერესო კონტური გამოკვეთა, რომელიც შეიძლება ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ ომის უკრაინისთვის წარმატებით დასრულებაში. მითი, რომელიც ზოგადად მსოფლიოში არსებობდა, რომ რუსეთის არმია უძლეველია, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მთლიანად ჩამოიშალა. რაც მათ ჰქონდათ განზრახული, რომ პირველ 48 საათში უნდა მოეხდინათ დიდი ქალაქების აღება და შემდეგ დედაქალაქ კიევის დაკავება, რაც გამოიწვევდა მთლიანად უკრაინის ოკუპაციას, ვერ მოახერხეს“,-აღნიშნა ალუდა სეთურიძემ.
