თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაასრულა სამართალწარმოება მოსარჩელე ბ.ბ.-ს სასარჩელო განცხადების თაობაზე, მოპასუხე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ“-ს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, მხარეთა შორის დავის საგანს ბ.ბ.-ს პერსონალური მონაცემების – კერძოდ კი, მოსარჩელის მიერ აღებული სესხის თაობაზე არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროების გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, მოპასუხისთვის 5000 ლარის დაკისრება წარმოადგენდა.
“სასარჩელო განცხადებით, მოქალაქემ განმარტა, რომ 2015 წელს, მოპასუხესთან დადო სესხის ხელშეკრულება 1000 ლარზე, 1 წლის ვადით და მისი დაფარვის ვალდებულებას ასრულებდა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. ერთ-ერთი გეგმიური გადახდის დროს, ბ.ბ-მ ვერ შეძლო დროულად დაეფარა სასესხო ვალდებულება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელმა, მოსარჩელისათვის განკუთვნილი წერილობითი გაფრთხილება სესხის დაფარვის ვადის გადაცილების თაობაზე დაულუქავი სახით – კონვერტის გარეშე, ჩააბარა უცხო პირს მოსარჩელისათვის გადასაცემად. აღნიშნულის გამო, მასში არსებული ინფორმაცია ბ.ბ.-ს სასესხო ურთიერთობებისა და სესხის გასტუმრების ვადის გადაცილების შესახებ გასაჯაროვდა და ცნობილი გახდა გარეშე პირებისათვის, რითაც დაირღვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით (პირადი ცხოვრების პატივისცემა) დაცული მნიშვნელოვანი უფლება და მის ირგვლივ ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართალი (CASE OS Z. vs. FINLAND, PANTELEYENKO vs. UKRAINE და სხვა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით რეგულირებული – პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის უფლება, ასევე გაითვალისწინა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები, სხვა საკანონმდებლო დანაწესები და გარემოება, რომ საქმე ეხება სამართალურთიერთობაში ისეთი მგრძნობიარე საკითხის წამოწევას, როგორიცაა პირის ფინანსური ვალდებულებებისა და ამ ვალდებულებათა დარღვევის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობა. ამდენად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დააკისრა 500 (ხუთასი) ლარის გადახდა მოსარჩელის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში“, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის წესის დარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრა
2016/05/20 16:19:48
კომენტარები
ნანახია: 1857 ჯერ