ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებთან ნიშნავს, რომ ჩვენ ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის შეგვეძლება გამოვიყენოთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას ბრიუსელიდან ძალიან მალე ელოდება. სწორედ ამიტომ, მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ბიომეტრიულ პასპორტებზე აქცია წამოიწყო. წულუკიანის თქმით, მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტის აღება იუსტიციის სახლებში 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად, 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე შეეძლებათ.
„იუტიციის სამინისტრო ბოლო წლებია ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც ვიცით, ამ თემაზე ძალიან მალე უნდა ველოდოთ ბრიუსელიდან დადებით გადაწყვეტილებას. ამიტომაც გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ აქცია ჩვენი მოქალაქეებისთვის და პირადობის მოწმობის აღება 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე იქნება უფასო, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის აღება შესაძლებელი იქნება 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარად.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიაზროთ რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია. ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებთან ნიშნავს, რომ ჩვენ ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის შეგვეძლება გამოვიყენოთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელშიც წვლილი ასევე ჩვენს უწყებასაც მიუძღვის სხვა სამინისტროებთანაც ერთად. ასევე აუცილებელია, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი, საკუთარი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. დათქმულ დროს დავბრუნდეთ საქართველოში და არ გავხდეთ კანონის დამრღვევი ევროკავშირის ქვეყნებში და ლეგალური მიგრაცია იყოს წესი ჩვენი, ამისათვის კი ბიომეტრიული პასპორტი არის აუცილებელი“, – განაცხადა წულუკიანმა და მოქალაქეებს აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა.
იუსტიციის სამინისტრო ვიზალიბერალიზაციისთვის ემზადება
12.12.2016 15:09:15

კომენტარები
ნანახია: 1234 ჯერ