სახელმწიფო უწყებებში კადრების დათხოვნასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
”სამინისტროში მიმდინარეობს კადრების ოპტიმიზაცია, ვინმე რომ ვინმეს კომპენსაციას არ აძლევს, ან სამსახურიდან აგდებს, ან რაღაც რადიკალური ზომებით არის დაკავებული, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სტრუქტურა უნდა მოერგოს იმ გეგმებს, რაც ჩვენ გაცხადებული გვაქვს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით არაფერი ხდება. დარწმუნებული ვარ ღირსეულად ჩავატარებთ ამ პროცესს. დაველოდოთ მოვლენებს”, – განაცხადა ალავიძემ.
მისი თქმით, ოპტიმიზაცია აუცილებელი იმ გეგმების განსახორციელებლად, რომელიც უწყებას აქვს დაგეგმილი. ალავიძე ამბობს, რომ სამეურნეო ხარჯების 10%-იანი შემცირება უკვე განხორციელდა.
”მიმდინარეობს მთლიანად სტრუქტურაში ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ განვახორციელოთ ის გეგმები, რაც გვაქვს დაგეგმილი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ხალხი ან უნდა წავიდეს, ან უნდა მოვიდეს. უბრალოდ სტრუქტურა უნდა გადაეწყოს იმ გეგმების მისაღწევად, იმ გეგმების განსახორციელებლად, რაც დაგეგმილი გვაქვს”, – განაცხადა ალავიძემ.