”ნაციონალურმა მოძრაობამ” ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი დაფინანსების 100 000 ლარით შემცირების გამო გაათავისუფლა – ამ განცხადებით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი პასუხობს ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიიდან ის პირები გაათავისუფლეს, რომლებიც მრავალათასიანი ყრილობის ჩატარებას უჭერდნენ მხარს:
”ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ დაფინანსება თვეში დაახლოებით 100 000 ლარით შეუმცირდა. ჩემს კრიტიკოსებს შევახსენებ – მათ მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი, პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილება რომ გასულიყო, შესამცირებელი გაცილებით მეტი იქნებოდა. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მითუმეტეს, შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება, თუნდაც დამატებითი ფუნქციებით, ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს. ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის ჩემდა სამწუხაროდ გათავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი და არა მხოლოდ ჩამოთვლილი პირები. როგორც დარჩენილთა, ისე გათავისუფლებულებს შორის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხია. სახელებისა და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო. შემცირება ყოველთვის უსიამოვნო პროცესია, მითუმეტეს თანამებრძოლების და მითუმეტეს ახლა. შეიძლებოდა პასუხისმგებლობა ამ უჩვეულო ბუღალტერიაზე აღარ ამეღო. ოღონდ, რეალობა პროზაულია. დღეს თუ იტოვებ ოც კაცზე ვალდებულებას, ხვალ იძულებული ხარ გაუშვა სამსახურიდან ორმოცი. მე ”ნაციონალურ მოძრაობაში” 2012 წელს მოვედი და ჩემს მეგობრებთან ერთად ბევრი, ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა. მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით”, – აცხადებს სერგო რატიანი.