საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლერი ბარნაბიშვილის ინფორმაციით, “რთველი 2022”-ის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.
თელავში რთველი 2022-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა,რომელიც მიმდინარე წლის 24 აგვისტოდან, თელავში, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
შტაბი კოორდინაციას გაუწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს.
ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება. აღნიშნული სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.
შტაბის გახსნას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის – 0,35 ლარი. მოსავლის დაბინავებაში, წელს, 300-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, მთავრობამ რთველი 2022-ის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო.
„კახეთის რეგიონში რამდენიმე დღეში დაიწყება რთველი, აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდით თელავში, დღეს გაიხსნა რთველის საკოორდინაციო შტაბი, აღნიშნული შტაბის მუშაობაში ჩართული იქნება ყველა უწყების წარმომადგენელი, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, როგორც იცით პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება წელს კვლავ განხორციელებულიყო სუბსიდირება, გამოიყო 150 მილიონ ლარამდე, აღნიშნული მიმართულია იქითკენ, რომ წელს კახეთში ჩატარდეს რთველი სტაბილურად და სამართლიანად და არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი, აქვე მინდა აღვნიშნო ,რომ ყურძნის მინიმლური ფასი იქნება 90 თეთრი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფასი არის კონკრეტული, ყურძნის ხარისხიდან გამომდინარე შესაძლოა ფასმა მიაღწიოს ერთ ლარსაც, მე მინდა მივულოცო რთველის დაწყება ყველა მევენახეს და ვუსურვო წარმატება,“-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
ოთარ შამუგიამ, შეხვედრაზე, ღვინის ხარისხის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხნებში უნდა ჩაბარდეს კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი. სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას, რაც, საბოლოოდ, ფასზე და ექსპორტის მაჩვენებლებზე ისახება.
„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაა. წლების განმავლობაში, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკას ვახორციელებთ და წარმატების შედეგებიც სახეზე გვაქვს. წარმოება და ექსპორტი მზარდია და ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. წელს ველოდებით 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიულ გადამუშავებას. სახელმწიფომ ყველა წინაპირობა შექმნა, რომ რთველი იყოს წარმატებული და მოსავალი სრულად და ორგანიზებულად დაბინავდეს. დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ მიღებულია რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება”,- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
კახეთში ოთარ შამუგია და ლერი ბარნაბიშვილი მევენახე ფერმერებსაც შეხვდნენ და რამდენიმე ღვინის საწარმო დაათვალიერეს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მევენახე დურმიშხან ბერუაშვილს 1,5 ჰექტარზე საფერავი, ქისი და ხიხვი აქვს გაშენებული. მევენახე ფერმერი მოსავლის ნაწილის ღვინის საწარმოში ჩაბარებას, ნაწილის თავად დაწურვას აპირებს. მისი განცხადებით, რომ არა სუბსიდია, ყურძნის ჩასაბარებელი ფასი დანახარჯებსაც ვერ აანაზღაურებდა. მევენახე წლებია სარგებლობს სადაზღვევო პაკეტით და სხვა მევენახეებსაც ურჩევს მოსავალი დააზღვიონ. ადგილობრივი მევენახეების განცხადებით, წელს განსაკუთრებულად კარგ მოსავალს ელოდებიან და მოსავლის დაბინავებას ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე დაიწყებენ.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15-01 შეუძლია.