სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, N5 დაწესებულებაში პროგრამა „ატლანტისის“ ამოქმდებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური პროგრამა წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვისაა გათვალისწინებული და მისი მიზანი დამოკიდებულების დაძლევაა. მსჯავრდებულებთან სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები იმუშავებენ. N5 დაწესებულების პარალელურად, აღნიშნული პროგრამა ქუთაისის N2 დაწესებულებაშიც ამოქმედდა. პროგრამის ბენეფიციარი მსჯავრდებულები, ორივე დაწესებულებაში, სპეციალურ სივრცეში განთავსდნენ. ორივე დაწესებულებაში ,,ატლანტისის“ განყოფილებები სათანადო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, ევროსაბჭოს დახმარებით, პროგრამაში ჩართული ფსიქოლოგებისთვის, თერაპიის ინსტრუქტორებისა და დამხმარეებისთვის მეთოდური სახელმძღვანელოც შედგა.
„ატლანტისი“ აპრობირებული პროგრამაა, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშია დანერგილი და წარმატებით მუშაობს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებშიც. საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პროგრამის დანერგვას ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივმა პროგრამამ შეუწყო ხელი, რომლის ფარგლებშიც სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა სპეციალური კურსი გაიარეს და გადამზადდნენ. გარდა ამისა, პროგრამაში ჩართული პირებისთვის დაწესებულებაში ცალკე განყოფილება გამოიყო, როგორც მათი განთავსებისთვის, ასევე, სხვადასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელების მიზნით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
N5 დაწესებულებაში „ატლანტისის“ პროგრამაში 11 ქალი მსჯავრდებული ჩაერთო. მათი განცხადებით, ისინი სრულად ათვითცნობიერებენ საკუთარ პრობლემას და მზად არიან, სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების დახმარებით პრობლემა დაძლიონ, შემდეგ კი, დამოკიდებულების მქონე სხვა პირებს აღმოუჩინონ დახმარება.
მსჯავრდებულებთან შეხვედრისას ევროკავშირის წარმომადგენელმა „ატლანტისის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსგავსი სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობა დადებითად იმოქმედებს როგორც მსჯავრდებულების მომავალზე, ასევე, საზოგადოების უსაფრთხოებაზე.
„მოხარული ვარ, რომ „ატლანტისის“ პროგრამა ამოქმედდა და მადლობას ვუხდი ყველა მხარეს, რომელიც ჩართული იყო პროცესში. დაწმუნებული ვარ, ის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ. „ატლანტისი“ მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ევროკავშირის წარამომადგენელმა პიტერ დანისმა.
პროგრამა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ხანგრძლივობა სამიდან ექვს თვემდეა.
N5 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა ამოქმედდა
2016/05/21 12:37:16
კომენტარები
ნანახია: 1747 ჯერ