მაია რჩეულიშვილის კუთვნილი სამშენებლო კომპანია “ცენტრ-პოინტი” განცხადებას ავრცელებს.
„ცენტრ პოინტი“-ს დამფუძნებლებმა 2013 წლის 7 მარტს დაიბრუნეს კომპანიის მართვის უფლება. ამის შემდეგ კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა მაია რჩეულიშვილმა დაიწყო, ვალდებულებების შესასრულებლად, დაუღალავი მუშაობა 24 საათიან რეჟიმში.
I
კომპანიის მიერ გასტუმრებული იქნა 898 691,82 $-ის ვალდებულება იმ სამშენებლო ორგანიზაციების მიმართ, რომელიც კომპანია „დექსუს“-მა დაუტოვა კომპანია „ცენტრ პოინტს“ მართვიდან გასვლის შემდეგ.
II
კომპანიის მიერ სხვადასხვა ობიექტებზე დაკმაყოფილებული იქნა კლიენტთა 3 437 031,00 $-ის მოთხოვნები. მათი ნაწილი დაკმაყოფილებული იქნა ფულადი სახით, ხოლო ნაწილი უძრავი ქონებით, რათქმაუნდა თავად კლიენტთა ინტერესების გათვალისწინებით.
III
კომპანიასა და „ცენტრ პოინტი ინვესტი“-ს კლიენტებს შორის შედგა მორიგება 4 159 086 $-ს ფარგლებში. ამ შემთხვევაშიც, მათი ნაწილი დაკმაყოფილებული იქნა ფულადი სახით, ხოლო ნაწილი უძრავი ქონებით, კლიენტთა ინტერესების გათვალისწინებით.
IV
კომპანიის ინიციატივით განხორციელდა იმ კლიენტთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რომელთა ფართებიც მდებარეობს იმ ობიექტზე, სადაც არ არის გავრცელებული სამართლებრივი შეზღუდვა/ყადაღა. ამ კლიენტთა რაოდენობა ასობითაა.
V
კომპანიამ განახორციელა სამუშაოები ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებითაც და ამის შედეგად, ინვესტორების მონაწილეობით წარიმართა სამუშაოები სხვადასხვა ობიეტზე. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების სტადიაზე, ზოგიერთზე არქიტექტურული პეოქტების დამუშავების სტადიაზე, შემდგომი სამშენებლო პროცესების წარმართვის პერსპექტივით, ხოლო ზოგიერთი პროექტი ინვესტორთან თანამშრომლობის პირობების დაზუსტების სტადიაშია.
კომპანია მზადაა ზემოთ მითითებული ციფრების ქვეშ არსებული დეტალური ინფორმაცია გაასაჯაროოს კონკრეტული სუბიეტების (კომპანიების და კლიენტთა) მონაცემების მითითებით, თუმცა თავს იკავებს ამ სუბიექტების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისაგან.
P.S. კომპანია „ცენტრ პოინტი“-ს დამფუძნებლისა და დირექტორის მაია რჩეულიშვილის სხვა პროექტები დაუსრულებელი დარჩა ცნობილი გარემოების გამო. მისი თავისუფლებაში დაბრუნება შესაძლებელს გახდის დაწყებული და შეჩერებული პროცესების განახლებას.”- ნათქვამია განცხადებაში.