რამდენიმე საშტატო ერთეული გაუქმდება, თუმცა, ეს არ მოხდება რიგითი თანამშრომლების ხარჯზე, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
„კულტურის სამინისტროში შეიძლება, გარკვეული გადაჯგუფებები მოხდეს, ვფიქრობთ რამდენიმე სსიპ–ში რეორგანიზაციას, თემატურად გაერთიანებას, შესაბამისად, რამდენიმე საშტატო ერთეული გაუქმდება, თუმცა, ეს არ მოხდება რიგითი თანამშრომლების ხარჯზე, არამედ, აქ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების საშტატო ერთეულებზეც იქნება საუბარი, მაგალითად, დეპარტამენტების უფროსები ან შეიძლება უფრო მაღალიც. ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტრო პრემიების სიმრავლით არ გამოირჩევა. შესაბამისად, თანამშრომლებს ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, რათა მოტივაცია არ დაკარგონ. ეს კი ბუნებრივად იწვევს იმ პროცესს, რომელშიც ახლა ვართ, ანუ გარკვეულ რეორგანიზაციას“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.