“ნაციონალური მოძრაობის” გარშემო კვლავ ნებათაღელვაა – თანაპარტიელები ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან. შეძლებენ თუ არა გიგა ბოკერია და მისი მომხრეები პარტიის თავმჯდომარეობიდან ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის გადაყენებას, 20 იანვარს გაირკვევა, რაც დიდი ალბათობით, პარტიის დაშლის საფუძველიც გახდება. ყოველ შემთხვევაში ამ საშიშროებაზე თავად “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც საუბრობენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამთავრებს არსებობას”, – ამის შესახებ პარტიის წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.
დარჩიაშვილი ეხმაურება თავისი კოლეგის, გივი თარგამაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭო დაშალა. “ტარას ბულბა გახსოვთ? დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ)”, – აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
“შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორ აფასებთ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებას? – “რეზონანსმა” ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.
“ნაციონალური მოძრაობა” რაც დავამარცხეთ, იმის შემდეგ აღარ მაინტერესებს. რაც უნდათ ის უქნიათ. არ მაინტერსებს მათი პოლიტიკური ბედი, მაგათზე ინფორმაციას აღარ ვუსმენ. საერთოდ, ზნედაცემული ადამიანები არ მაინტერესებს,” – დასძენს მხატვარი ნიკუშა შენგელაია.