კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მდგომარეობის გაუარესებისა და ძლიერი სიცივის შემთხვევაში, უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდეს საჭირო.
უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმებისა და ელექტროენერგიის დაზოგვის აუცილებლობის გამო, კლიჩკო საუბრობს „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელ ზამთარზე“, რადგან მას შემდეგ კიევს ასეთი „საშინელი ზამთარი“ არ განუცდია.
დედაქალაქს რამდენიმე საათში ერთხელ გარკვეულ რაიონებში ელექტროენერგიის გათიშვა უწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა გადაიტვირთება.
„პუტინს სურს აიძულოს ხალხი გაიქცნენ დედაქალაქიდან, თუმცა საპირისპირო შედეგს იღებს! ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდება და ტემპერატურა კიდევ უფრო დაიწევს. მაშინ ქალაქის ნაწილის ევაკუაცია მოგვიწევს“, – აღნიშნა კიევის მერმა.
„მას [პუტინს] ხალხის დაშინება, გაყინვა, ელექტროენერგიის გარეშე დატოვება სურს, რათა ზელენსკიზე ზეწოლა მოხდეს, რომ დანებდეს. მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენ არ მოვკვდებით და არ გავიქცევით, როგორც პუტინს სურს. არ გავიქცევით დასავლეთში, როგორც პუტინს სურს. ის ბევრჯერ შეცდა ამ ომში. ის ისევ ცდება“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.