ზაზა ხუციშვილმა სამინისტროების ოპტიმიზაციის საკითხზე „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
„ოპტიმიზაცია არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია. სამინისტროს ხელმძღვანელებს, მენეჯერებს აქვთ თავისუფლება თვითონ შეაფასონ თავისი თანამშრომლების მუშაობა. მოგეხსენებათ, ორი მიმართულებით არის დაწყებული ოპტიმიზაცია, ერთი – თანამშრომლების რაოდენობის შემცირებით, მეორე -სახელფასო ფონდის შემცირებით. ეს არის თითოეული ხელმძღვანელის გადასაწყვეტი თუ როგორ გზას აირჩევს. თითოეული მინისტრი პასუხისმგებელია მთავრობის ხელმძღვანელთან პრემიერ-მინისტრთან, იმაზე თუ როგორ იმუშავებს თითოეული სამინისტრო, როგორ გზას აირჩევს და ამით შეფასდება უწყების მუშაობაც.
ჩემი გადმოსახედიდან მგონია, რომ 10 ნაკლებად მოტივირებულ თანამშრომელს, სჯობს 7 მეტად მოტივირებული, უფრო ყოჩაღი, ადეკვატური და კვალიფიციური კადრი, ეს არის ჩემი მოსაზრება. ასეთი მიდგომა მხოლოდ საქართველოში არ ხორციელდება, მოგეხსენებათ, ასეთი რეკომენდაციებით ხშირად მოქმედებენ ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკონომიკის სწრაფი ზრდა სურთ.
ზოგადად საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე დაფუძნებული ქვეყნის მთავარი ამომავალი წერტილი და მთავარი მიმართულება არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი იყოს დასაქმებული კერძო სექტორში და ნაკლები ბიუროკრატიაში. ნებისმიერი ქვეყნისთვის ეს არის მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას სურს კმაყოფილი და ბედნიერი პენსიონერი ჰყავდეს, მათი შრომა იყოს დაფასებული, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის გაწიეს, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რისი საშუალებაც აქვს ქვეყანას. ასეთი რეფორმები არის მძიმე, არავის ახარებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანის ყურება, მაგრამ ის ჩვენი პირობა, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით სწორედ ამას უკავშირდება, რომ იქნებიან დასაქმებული ადამიანები.
დიდი იმედი მაქვს, რომ ვისაც შესაბამისი კვალიფიციკაცია გააჩნია დასაქმდებიან. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ხელისუფლებამ მეტი უნდა იფიქროს ხალხზეო, პირდაპირი წესით ასე თანხების მატებას სჯობს, სამუშაო ადგილების შექმნა, ოჯახებს რომელთაც უჭირთ დასაქმდებიან და საკუთარი შრომით მიიღებენ შემოსავალს. ჩვენი მიდგომაა – მეტი სამუშაო ადგილები, მეტი თავისუფალი სივრცე ბიზნესს სექტორისთვის, რათა დაასაქმონ ადამიანები და ამით გაიუმჯობესონ მდგომარეობა“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.