პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს.
„პრეზიდენტი საკუთარი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. პრეზიდენტის მხრიდან გამართლებული არ არის იმის არგუმენტად მოყვანა, რომ ოდესღაც ვიღაც სადღაც მუშაობდა ან ოდესღაც რომელიღაც პოლიტიკური პარტიის მომხრე იყო.
თავის დროზე პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრი იყო – ზოგი ოპოზიციაში ცოტა უფრო ადრე გადავიდა, ზოგი უფრო გვიან, ზოგი ამ პარტიის მომხრე არასდროს იყო და თავიდანვე იცოდა, რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი. თუ ვინმე „ქართუში“ მუშაობდა, ამის წამოყვედრება მეორე გაურკვევლობაა. როგორც არ უნდა მოგწონდეს ის ადამიანები, ვინც ფაქტობრივად, ყველაზე მეტად იყვნენ შენი მომხრე და ყველაფერი გააკეთეს, რათა სააკაშვილის რეჟიმი უკან არ მოტრიალებულიყო და ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო, მათდამი ასეთი დამოკიდებულებაც კორექტული არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.