დღეს მხატვრ სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად, ეროვნულ გალერეასთან აქციაა დაგეგმილი. ფაქტს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა. მისი განცხადებით, ფაქტი არის მიუღებელი, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში არის თავისუფალი. დეპუტატის აზრით, დაგეგმილი აქცია არეულობის მოწყობის მცდელობაა.
„გაბრაზდა კი ბატონო და მოხსნა თავის ნახატი და წაიღო. ამის გამო მას არავინ დაიჭერს. თავი გამოყვეს ამ ფსევდო ლიბერალებმა, ხელმოცარულები არიან მეტი არაფერი და არ იციან რით დაკავდნენ. თავიანთი გამოგონილი თემა აქვს და ახლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ. არავინ იჭერს პატივცემულებო. ეს არის მიუღებელი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში თავისუფალია და გამოუწერენ მაქსიმუმ ჯარიმას, შეიძლება ესეც არ გამოუწერონ“, – განაცხადა ზარქუამ.
მხატვრის სანდრო სულაბერიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ საუბარია, ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, როდესაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
