ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციისა და ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის ქართველმა დეპუტატებმა შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით შარშან 82 კანონი დაამტკიცეს. პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ქვეყანა კანდიდატის სტატუს მიიღებს. ამის შესახებ მან „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ ნამდვილად წინ წაწეულები ვართ მნიშვნელოვნად. ფაქტობრივად ყველა საკითხი, რაც კი დამოკიდებული იყო საპარლამენტო უმრავლესობაზე, ყველა რეფორმა, ცვლილება განხორციელდა. ასე რომ, არსებობს ყველა წინაპირობა, რომ საქართველომ მიიღოს ის დამსახურებული [კანდიდატის] სტატუსი“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან პარლამენტარებს მიერ ევროპაში განხორციელებულ ვიზიტებზეც ისაუბრა.
„პირადად მე 18 ვიზიტის ფარგლებში შევხვდი 40-მდე პარლამენტის თავმჯდომარეს. პრინციპში, ყველგან არა თუ დადებითად დაგვხვდნენ შეფასების მხრივ, არამედ იყო სინანულიც, რომ ჩვენ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ხაზგასმა იმის, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ახლა ევროკავშირმა, შემდეგი გადაწყვეტილების დროს ეს შეცდომა აღარ დაუშვას. როგორც პოლიტიკურ, ასევე არასამთავრობო სექტორში არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ევროპულ ინტეგრაციის საკითხი გარკვეულწილად მძევლად აიყვანონ ან ინსტრუმენტად გამოიყენონ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
