2016 წელს, ევროკავშირის დაფინასებით საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუღუღი იყო. სულ 4 ავტორი ჰყავს ამ კვლევას, რომელსაც ჰქვია „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“, ვითარება არის აღწერილი და შემდეგ არის 3 მოდელი, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.
„პირველ მოდელს წავიკითხავ: 1. უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში რეგისტრირებული ის არასამეწარმეო, იურიდიული პირები ანუ არასამთავრობოები, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან.
2. რეესტრში პროაქტიურად უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება გრანტის გამცემს ანუ დონორსა და გრანტის მიმღებს შორის უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც გრანტის გამცემი დონორი უყენებს გრანტის მიმღებს.
3. საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ არასამეწარმეო, იურიდიულ პირს უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რეესტრში წარადგინოს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.
4. საქართველოს კანონმდებლობით ცალსახად უნდა განისაზღვროს ამ მონაცემებისა და დოკუმენტაციის გამჭვირვალობა. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვს.
და ბოლო პუნქტი: მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი უნდა იყოს გადაამოწმოს რეესტრისთვის წარმოდგენილი მონაცემის სისწორე და ამ მიზნით ითანამშრომლოს საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან.
აი, ეს არის, რასაც არასამთავრობო სექტორი ევროკავშირის დაფინანსებით ითხოვდა 2016 წელს და მაინტერესებს, რა შეიცვალა დღეს? ჩვენი კანონი სიტყვასიტყვით ასახავს ამას, უბრალოდ გაცილებით ნაკლებ მოთხოვნებს აყენებს, განსხვავებით ამერიკული კანონისგან, რომელიც ასევე გვაქვს ნათარგმნი და გაცილებით მკაცრია“, – განაცხადა სუბარმა.