ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ საზოგადოებაში სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით, მაგრამ მეორე და საკმაოდ საყურადღებო თემაა, ვფიქრობ, შემაშფოთებელიც, ვინაიდან არის ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდებისა მზადდება სწორედ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკური პროცესების განვითარებას როგორმე ხელი შეუშალონ. ამაში მოიაზრება ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ახლა, ამ მომენტში ხაბეიშვილი, და არა მარტო ხაბეიშვილი, უდგას სათავეში, -ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სწორედ ამ პროცესების განვითარებას ემსახურება ის დეზინფორმაცია, რომ თითქოს აქციის მონაწილეების მისამართით არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული.
მისივე თქმით, მათი მიზანია დესტაბილიზაცია და ისეთი პროცესების განვითარება, რომელიც მოწყვეტილია იმ საქართველოს ინტერესებს.
„რეალურად ამ პროცესების განვითარებას ემსახურება დეზინფორმაცია, თითქოს სუსის წარმომადგენელი ვიღაცას დაესხა თავს, თითქოს მომწამლავი გაზი გაუშვეს და ა.შ. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ჯგუფი უკრაინიდან სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“, მომხრეები ჩამოვიდნენ – ესენი არიან მებრძოლები, რომლებიც ამ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან, რომ ეს რევოლუციური პროცესი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და გადაიზარდოს სამოქალაქო ომში, ჭყლეტაში, რაღაც დაპირისპირებაში და ის ორი „ტრუპის“ თემა კიდევ შემოვიდეს დღის წესრიგში, საქართველო დაინგრეს. დესტაბილიზაცია, რაზეც ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობთ, იყოს დღის წესრიგში და განვითარდეს ისეთი პროცესები, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ ინტერესებს რომელიც საქართველოს გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „რეჟიმის დღეები დათვლილია“.