მე ახალ მენეჯმენტთან ვურთიერთობ, ვმეგობრობ პეტოსთანაც, იქ კიდევ ბევრი ადამიანია, რომლებთან ერთადაც მოვდივარ 2003 წლიდან. თუ მათ ექნებათ რამე სურვილი და იქნება საჭირო, რომ რამით შემიძლია, მივეხმარო, დიდი სიამოვნებით მივეხმარები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არიან პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების წაამომადგენლებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სხვადასხვა სახის დახმარება.
კეზერაშვილის განცხადებით, დასახმარებლად თავად არავის ეძებს და ასეთი სურვილები მის მიმართ საქართველოდან უნდა წამოვიდეს. მისი მტკიიცებით, პოლიტიკაში ოფიციალურად ჩართული არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ იყოს პოლიტიკურად აქტიური.
დავით კეზერაშვილი ქართველ ბიზნესმენებს პოლიტიკაში ჩაურთველობას უწუნებს და აქვე იმასაც ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებს. კონკრეტულად ვისთან ითანამშრომლებს, პარტნიორებს კეზერაშვილი ღიად არ ასახელებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ სახვეწარი არავისთან აქვს.
„მე არ ვარ პარტიული, არ მაქვს ჩემი პარტია, არ ვაპირებ, მქონდეს ჩემი პარტია. 2008 წელს წამოვედი პოლიტიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა შესაძლებლობა, დავრჩენილიყავი და დღემდე არ ვარ პოლიტიკაში, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა ვიყო პოლიტიკურად არააქტიური ადამიანი“, – აღნიშნა დავით კეზერაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში.