„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, პოლიტიკური შეფასების დონეზე კი არ აქვთ ბევრი მილიონი მოპარული, ეს უტყუარი განაჩენებით არის დადასტურებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დავით კეზერაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამდიდრებულები არიან სახელმწიფოს ხარჯზე,
„ვიცით სხვა ლიდერები, რომლებსაც ისე ეხმარებოდნენ თავისი პიარშიკები, რომ მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაარქვეს „პიჯაკების საქმე“, ამ დროს საუბარია მილიონობით ლარის გაფლანგვასა და მოპარვაზე. მათ ფაქტებით უდასტურდებათ ბევრი მილიონი ლარის და ამიტომ თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამდიდრებულები არიან სახელმწიფოს ხარჯზე და ახლა ცდილობენ, რომ თავისი ნაკეთები საქმეები, გაფლანგვები და მოპარვები გადააბრალონ მოქმედ ხელისუფლებას, რაც არ გამოსდით, რადგან ფაქტებით უდასტურდებათ ეს ყველაფერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა აღიარა, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“, – განაცხადა მან ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში.