თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებას, თითქოს, მუნიციპალიტეტი თავს იკავებს ერთ-ერთ სკვერს უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სახელი მიენიჭოს, სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინადადებები როგორც ოპოზიციის, ასევე, უკრაინის საელჩოს მხრიდან შემოვიდა.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უკრაინის საელჩოს წინადადება თბილისში ქართველი და უკრაინელი გმირების სახელობის გეოგრაფიული ობიექტის გაჩენას ითვალისწინებს. ოპოზიცია კი მხოლოდ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელდებას ითხოვს. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის საკრებულო აღნიშნულ თემაზე სამსჯელოდ მზადაა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება კომპლექსურად უნდა იყოს მიღებული.
„ჩვენ აღნიშნულ საკითხზე მუშაობის მზადყოფნას გამოვხატავთ და უკვე გვაქვს სამუშაო ვერსიები. ლოგიკურად მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ მას შემდეგ, რაც უკრაინა საქართველოში ახალ ელჩს გამოგზავნის. ოპოზიციის ბრალდებები, თითქოს ჩვენ არ გვსურს გმირების სახელების უკვდავყოფა, სიცრუეა. მეტიც, ოპოზიცია გვაბრალებს, თითქოს ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად არაფერი გაგვიკეთებია, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. გარდა იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმ მძიმე დღეებში უკრაინელების დასახმარებლად, ვფიქრობ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უკრაინელ ლტოლვილებს ღირსეულად უმასპინძლა. ასევე, ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ცალსახად ვუჭერთ მხარს უკრაინას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.