ამ მომენტისთვის რესპუბლიკურთან დაკავშირებული ყველა შესაძლო საკითხი ამოწურულია და არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„რესპუბლიკურის პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია და გუშინდელი შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, პოზიტიურ ტალღაზე იყო. ყველა ის დეტალი გავიარეთ, რაც ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილია. ყველა სავარაუდო კითხვას, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ჩვენ მიმართ ამომწურავად ვუპასუხეთ და გვქონდა შესაძლებლობა, რომ დახურულ ფორმატში ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის გვეპასუხა. იყო მცირედი ინციდენტი, როცა ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა კითხვა-პასუხი და მოხდა სამწუხარო ფაქტი, აუდო ჩაწერის და შემდეგ უკვე, ერთ-ერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიას გადასცდეს ეს ჩანაწერი, რაზეც მომზადდა სრულიად აბსურდული სიუჟეტი. ამ სიუჟეტშიც კარგად ჩანდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად კონსტრუქციულად მივყვებოდით ყველა საკითხს. ამ მომენტისთვის ყველა შესაძლო საკითხი ამოწურულია და არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების არ არსებობს“,- განაცხადა აზარაშვილმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ და ითხოვენ, რომ კლინიკის განახლება არა დემონტაჟის, არამედ რეაბილიტაციის შედეგად მოხდეს და პარალელურად სამკურნალო პროცესი არ შეწყდეს. ექიმებს კლინიკის ახალი კონცეფცია და სამომავლო გეგმები ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ გააცნო.