“რაც უფრო ძლიერდება ზეწოლა უცხოეთიდან, მით უფრო ძალას იკრებს ქართული საზოგადოება ქვეყნის ინტერესების დასაცავად”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო მათია და ამ საკუთრებას არავის დაუთმობენ.
“საქართველოს ისტორიის მანძილზე ყოველთვის ასე იყო – გარე ძალებიდან ქვეყანაზე ზეწოლას ქართველი ხალხის მასშტაბური პროტესტი მოჰყვებოდა ყოველთვის. ასე იყო გასულ საუკუნეში რუსეთთან მიმართებით და ასეა დღესაც. რაც უფრო ძლიერდება ზეწოლა უცხოეთიდან, მით უფრო ძალას იკრებს ქართული საზოგადოება ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
ადრე რუსეთისგან, დღეს უკვე დასავლეთიდან წარმოუდგენელი შემოტევა ქართულ სახელმწიფოზე, ხალხში ნეგატიურ განწყობებს ზრდის. ვასალური სტილის პარტნიორობა დასავლეთთან და კერძოდ, ამერიკასთან, მოსალოდნელი იყო იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც წარსულში გვქონდა. სააკაშვილის ხელისუფლების მონურმა დამოკიდებულებამ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეარყია და ჩვენი ეროვნული ღირსება შეურაცხყო. დასავლეთს რისი უფლებაც მისცეს, იმას აკეთებდნენ.
“ქართული ოცნების” პერიოდში ჩვენ უმთავრეს პრიორიტეტად ქვეყნის ეროვნული ინტერესები დავისახეთ და დაიწყო მასიური შემოტევა ხელისუფლებაზე და განსაკუთრებით ჩვენზე – “ხალხის ძალაზე”. ჩვენმა მოძრაობამ შეძლო იმ გალავნის გარღვევა, რასაც უცხოეთთან შიში და დუმილი ერქვა.
დღეს კი, ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილებამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ასევე რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა, ქართველი ხალხი ძალიან გააბრაზა.
ხოლო, საზოგადოების განრისხება ამერიკის ელჩის კელი დეგნანის ქმედებამ, ტენდენციურმა პოლიტიკურმა განცხადებებმა, ღია ჩარევამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში და ბოლოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ქართველ მოსამართლეებზე დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.
დასავლეთის მხრიდან ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და დამცირება პიკს აღწევს. პარალელურად, პიკს აღწევს ქართული საზოგადოების მოთმინებაც, რომელიც აუცილებლად ამოიფრქვევა. ისევე, როგორც ამოიფრქვა რუსეთთან მიმართებით.
ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო მათია და ამ საკუთრებას არავის დაუთმობენ. მათ იციან ისიც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან პარტნიორობა მეგობრობას უნდა ეფუძნებოდეს და არა დირექტივებს, რომლის უპირობო შესრულებასაც გთხოვენ. ხალხმა იცის ისიც, რომ სამშობლოს უცხო ქვეყანას სამართავად არ მისცემენ და თავად ჩადგებიან ამის დასაცავად.
დიახ, საქართველო ჩვენია და უნდა გვქონდეს იმის უფლება, რომ თავად ვმართოთ საკუთარი ქვეყანა უცხოეთთან ორმხრივად ეროვნული ინტერესების დაცვით. ამას ვითხოვთ არა მხოლოდ ჩვენ, პოლიტიკოსები, არამედ, ამას ითხოვს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილიც”, – აცხადებს ხუნდაძე.