საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა.
როგორც პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, სალომე ზურაბიშვილი მათ მაქსიმალურად დაეხმარება.
მათი განმარტებით, პრეზიდენტი ჩაერთვება წამლის უსაფრხოებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებასა და მედიკოსების გადამზადებასთან დაკავშირებულ პროცესში. მშობლების თქმით, სალომე ზურაბიშვილი ასევე მათ წამლის შემოტანის პროცესის დაჩქარებაშიც დაეხმარება.
„პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა. ძალიან სასიამოვნოა, რომ სრულად იყო გაცნობიერებული ამ სინდრომის შესახებ, ექიმებთან ჰქონდა გავლილი კონსულტაცია და მომზადებული შეგვხდა მედიკამენტთან დაკავშირებით. მოისმინა ჩვენი ამბავიც, რა გამოვიარეთ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში და რაში მდგომარეობს ჩვენი პრობლემა, რომ ძალიან გვეჩქარება. სექტემბრამდე გაწელილია დრო ჩვენთვისაც. პრეზიდენტმა გამოხატა დიდი კმაყოფილება, რომ ბიუჯეტში არის ამისთვის თანხები და მზადაა, ყველანაირად დაგვეხმაროს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა.