“არ დავივიწყებთ, რამდენი ჯარისკაცი შეეწირა უმნიშვნელოვანეს მიზანს – საქართველოს დამოუკიდებლობას” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და ქართულ თავდაცვის ძალებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
“დღეს, როგორც ყოველ წელს, თქვენთან ერთად შევიკრიბეთ და აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების დღეს. თუმცა ეს დღე არაა და არც უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური, ცერემონიალური თუ პათეტიკით აღსავსე სიტყვების წარმოთქმის დღე.
ეს დღე ქვეყნისთვის, რომელსაც საქართველოსნაირი ისტორია უდგას სათავეში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრულიად ვიაზრებთ და ვაფასებთ საუკუნეების მანძილზე თავდაცვის ძალების უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, შენარჩუნებაში და დღეს უკვე მის გამყარებაში. ეს ის დღეა, როცა ვიაზრებთ, თუ რა არის თავდაცვის ძალების დანიშნულება ქვეყანაში, მათი შეუფასებელი სამსახური ქვეყნის წინაშე და არა მხოლოდ ომის დროს არამედ სწორედ მშვიდობის ჟამს და ყოველდღიურად თუ ყოველწუთიერად თქვენ ქვეყნის სადარაჯოზე დგახართ.
პირველ რიგში, თავდაცვა, კლასიკურად ნიშნავს ჩვენი საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენობის დაცვას. ეს არაა მარტივი მოვალეობა. ჩვენ ვიცით და გვახსოვს 1921, 1992, 1993 და 2008 წლების რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი ჯარისკაცების თავდადებული ბრძოლა. არ ვივიწყებთ და არ დავივიწყებთ რამდენი მათგანი შეეწირა ამ უმაღლეს და უმნიშვნელოვანეს მიზანს – საქართველოს დამოუკიდებლობას. დღეს მათთვის პატივის მიგების დღეა, მათი ოჯახების მიმართ მადლობის გამოცხადების დღეა. ასევე, განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის ჩვენს ვეტერანებს.
მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას, – ამბობს ზურაბიშვილი.