გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ყველას, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო სამხედროებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მე მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ, თავდადებულ და გმირ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანთან ერთად მამაცურად იბრძოდა და კვლავაც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენსა და მთავარ გარანტს. დღევანდელ დღეს, ჩემო ძმებო, მინდა ქედი მოვიყარო ყველა დაღუპული გმირი მებრძოლის ხსოვნის წინაშე. ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის წინაშე რომელთა ბრძოლასა და თავდადებაზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათმა ბრძოლამ გააძლიერა ქართული იდენტობა, ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებები და შექმნა საფუძველი ჩვენი მთავარი მიზნის ასასრულებლად, რაც ნიშნავს ერთიან, ძლიერ საქართველოს. პატივცემულო სამხედროებო, მინდა ყველა თქვენგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებისთვისა და ჩვენი სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის. ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს. ჩვენი ვალია მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.