„ქართული ოცნება“ ატარებს ქართულ პოლიტიკას, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, შესაბამისად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ გზაზე „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს.
ამასთან კახა კალაძე გამოეხმაურა ფრენების აღდგენის თაობაზე პუტინის განცხადებას.
„პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო, ამ უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს ამას აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსეთს, რუს მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ და ა.შ.
„ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა, ეს ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო და რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ სანქცირების გაუქმებაზე. ეს არის იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ადამიანები საქართველოში, ან არამხოლოდ ერევნის გავლით, პირდაპირ ჩამოფრინდნენ და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ასევე ის, რომ ქართველს, საქართველოს პასპორტით ექნება საშუალება, ვიზის გარეშე წავიდეს რუსეთის ფედერაციაში. ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია და ამაში პრობლემა არ არის“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას და განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არანაირი მოლაპარაკებები რუსეთთან ფრენების აღდგენაზე არ ჰქონია.
„რა თქმა უნდა, არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციები, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ, რომ გააკეთონ“, – აღნიშნა კალაძემ.