ჯერჯერობით ნებისმიერ გაერთიანებაზე, რაღაც კონფიგურაციაზე საუბარი ალბათ ადრეა და ამას მართლა სჭირდება შიდა მუშაობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ჩემი პოზიციაა, რომ 2 ორბიტის გარდა, უნდა არსებობდეს მესამე მიზიდულობის ძალა, რომელიც გადაუწყვეტელ ადამიანებს წამოიყვანს, მაგრამ ამას სჭირდება ბევრი მუშაობა, შეხვედრები და შემდეგ უკვე მოქალაქეებისთვის წარდგენა, პოზიციის გახმოვანება. რაც უფრო ძლიერი იქნება ოპოზიციური ცენტრები, მით უფრო გვექნება იმის საშუალება, რომ მეტი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მოვიმხროთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ვიდრე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 2024 წლის არჩევნების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან, წინასწარ ცნობილია, რომ ნაწილი „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ ემიჯნება.