ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტთან დაკავშირებით გადამოწმდა ნაშთები. შედეგად, აფთიაქებში მედიკამენტი არ მოიძებნა, თუმცა აღმოჩნდა საწყობებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის შემდეგ, სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოითხოვა მედიკამენტის ქსელში გაშვება და ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია.
„მთელი გასული კვირის განმავლობაში შეინიშნებოდა და იგრძნობოდა საკმაოდ ბევრი პრეტენზია როგორც ექიმების, ასევე მშობლების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ დეფიციტში იყო კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც მიმართულია ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ და მედიკამენტს ვერ ნახულობდნენ ვერც ერთ აფთიაქში. ჩვენ მაშინვე მოვაყოლეთ შესაბამისი რეაგირება. ძალიან კარგია, რაც მიმდინარე წელს დავიწყეთ. როგორც აფთიაქებს, ისე საწყობებს ჩვენ სავალდებულოდ გავახსნევინეთ თავიანთი ნაშთები. რეგულირების სააგენტო უკვე ხედავს, სად რა ნაშთია. შესაბამისად, ჩვენი სისტემის მეშვეობით როცა ნაშთები გადამოწმდა აფთიაქებში, მედიკამენტი არ იყო, ხოლო საწყობებში როცა გადამოწმდა, იქ ნაშთები დავინახეთ.
ჩვენი თანამშრომლები როცა ამოწმებდნენ ამ კომპანიებთან ნაშთებს, კომპანიები მიუთითებდნენ, რომ რეალურად, ნაშთი არ იყო, არც იცოდნენ, როდის ექნებოდათ და თითქოს დეფიციტი დაკავშირებული იყო რეფერენტულ ფასთან. საგანგებოდ მოვიწვიე ჩემი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ამ პროექტში და დეტალურად გავიარეთ ფასთწარმოქმნის მექანიზმი ამ კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებით. პარალელურად, მეორე ჯგუფი გავუშვი საწყობებში, რათა გადაემოწმებინათ ნაშთები. დაბრუნდნენ შესაბამისი ოქმებით. განზრახ არ ვასახელებ კომპანიებს, რადგან კონკურენციის სააგენტო არის მოკვლევის ეტაპზე.
სამწუხაროდ თანამშრომლებმა საწყობებში, ადგილზე ნახეს ამ მედიკამენტის ათასობით კოლოფი. ეს არის შესაბამისად აღწერილი, გადათვლილი კომპანიების თანამშრომლებთან ერთად და შესაბამისი ოქმებითაა დადასტურებული. შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ჯარიმებიც, თუმცა ჯარიმაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან სწრაფად მოვითხოვეთ ამ მედიკამენტის ქსელში გაშვება. აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ დეფიციტი რეფერენტული ფასის გასაზრდელად იყო შექმნილი, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.
ძალიან ბევრი მედიკამენტი გვაქვს, 7 000-მდე მედიკამენტია ბაზაში და ბაზარზე, რაზეც ფასთწარმოქმნა უნდა გავაკეთოთ და კონტროლი განვახორციელოთ. ყველა ასეთ შემთხვევაზე ჩვენ მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ, აუცილებლად გამოვავლენთ და შესაბამისი რეაგირება იქნება ადმინისტრაციული, სანქციების სახით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც დაგვისახელებია კომპანიები, თავად გამოჩნდნენ და სხვადასხვა განცხადება ვიხილეთ. ჩემი აზრით, თავის მართლების რეჟიმში იყვნენ, რაც უსუსური არგუმენტებით არის გამყარებული. ხან დეფიციტია ნახსენები, ხან ის, რომ მედიკამენტი საწყობში იყო, მაგრამ ერთი-ორი კვირა იყო გასული იმპორტიდან და საცალო აფთიაქებში განაწილება ვერ მოახერხეს. კონკურენციის სააგენტო მეტ დეტალს დაადგენს, მეტი გვეცოდინება, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს თუნდაც რამდენიმე კვირის წინ მიღებული ნაშთები რომ გაენაწილებინათ ქსელებში, მედიკამენტთან დაკავშირებით დეფიციტი და პრობლემა არ შეიქმნებოდა.
„ჩვენთან საკმაოდ მოცულობითი ნაშთები რადგან ჩანდა, გადასამოწმებლად გავუშვი თანამშრომლები. შესაბამისად, ამ ნაშთების არსებობა დადასტურდა. შეეძლოთ, რომ ნაშთები, რომლებიც საწყობში იყო, დღეებით, კვირით ადრე გაენაწილებინათ ქსელში. ამ მხრივ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ დეფიციტია და მომწოდებელი კომპანია შედარებით ნაკლებ ნაშთს აწვდის, ამასაც შევამოწმებთ, პრობლემა არ არის. თუნდაც ერთი და ორი კვირის წინ მიღებული ნაშთები რომ განაწილებულიყო ქსელებში, ეს დეფიციტი და პრობლემა არ იქნებოდა. როგორც მივხვდი, არის ერთადერთი შეუცვლელი მედიკამენტი. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სხვა სახის პასუხისმგებლობაც – სოციალური, მორალური პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ რამდენიმე დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ ფარმაცევტული კომპანიები. კომპანია „გეფაში“ განაცხადეს, რომ სრული არცერთ მედიკამენტზე, მათ შორის ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტი არ შექმნილა. ამასთან, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ, სადაც ნათქვამია, რომ რეგულირების სააგენტომ გადაუმოწმებელ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შესახებ.