ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ჯგუფის წევრებმა მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებები განიხილეს, არჩევის წესთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.
„კონსტიტუცია არც პრეზიდენტისთვის, არც პრემიერმინისტრისთვის სახელობითად არ იწერება. ის იწერება კონსტიტუციურ პრინციპებზე, იმ მოდელზე დაყრდნობით რომელსაც ქვეყანა ირჩევს. თუ ვსაუბრობთ საპარლამენტო მოდელზე, გაბედულად ვთქვათ, რომ ხარვეზი, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის, უნდა გამოსწორდეს.
ჩემთვის პირადად პრეზიდენტის არჩევის წესი დამოკიდებულია, იმაზე თუ როგორ მოდელს ჩამოვაყალიბებთ საბოლოოდ. წმინდა საპარლამენტო მოდელს თუ საბოლოო დისკუსიის შემდეგ შერეული ტიპის მოდელი იყოს არჩეული.
თუ წმინდა საპარლამენტო მოდელზე ვისაუბრებთ და უფლებამოსილებებს გავმიჯნავთ, ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება ჩემთვის არჩევის როგორი წესი იქნება მისაღები.
ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს საპარლამენტო მოდელი, მაგრამ ახლა ეს პოზიცია, რომელიც გვაქვს საბოლოოდ უნდა შეჯერდეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში და ეს უკვე აისახოს კონკრეტული უფლებამოსილებებით და კონკრეტული ნორმებით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.