რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე უარი უთხრა.
როგორც ე.წ. ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა თქვა, 2020 წლიდან 2023 წლის პირველ კვარტლამდე რუსეთმა უკვე მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთს, დაახლოებით 6 მილიარდი რუბლის ღირებულების ელექტროენერგია და ე.წ. რესპუბლიკას ფული გადახდილი არ აქვს.
„მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის ენერგოსისტემას ჩვენს გარდა ვერავინ შეინახავს. უნდა გვესმოდეს, რომ ელექტროენერგია არის საქონელი, რომლის საფასური უნდა გადაიხადო. მხოლოდ რუსეთიდან სოციალური დახმარებით საკითხის უსასრულოდ გადაწყვეტა შეუძლებელია”, – თქვა ოზგანმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 5 ნოემბრიდან რუსეთმა განაახლა ელექტროენერგიის მიწოდება, დეკემბრის მომარაგების საკითხი მოგვარებული არ არის. ე.წ. მინისტრმა მიანიშნა, რომ პრობლემის მოგვარება, ასევე, 2024 წლის შეთანხმების გაფორმება მხოლოდ დავალიანების დაფარვის შემდეგ იქნება შესაძლებელი,
1992-93 წლების ომის დასრულების შემდეგ ქართულ და ე.წ. აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთი ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი გენერაციის 40% იღებს და 2020 წლამდე ეს მის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
თუმცა, ბოლო წლებში მაინინგის უკანონო მოპოვებამ ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდა, რის გამოც რუსეთმა ე.წ. რესპუბლიკისთვის დამატებითი მოცულობის უზრუნველყოფა დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. რესპუბლიკაში კომუნალური მომსახურების საფასურის ამოღება ვერ ხერხდება, სოხუმს მოსკოვის წინაშე დავალიანება დაუგროვდა.
ქრისტინა ოზგანმა აღნიშნა, რომ წელს ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
როგორც მან თქვა, “მიმდინარე წელს ელექტროენერგიის საჭირო დეფიციტის დაფარვის საფასური, შეიძლება შეადგენდეს, დაახლოებით 900 მილიონ რუბლს (დაახლოებით $10 მილიონი), საიდანაც 135 მილიონი (დაახლოებით 1 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი) აფხაზეთმა უკვე გადაიხადა. ახლა განვიხილეთ 200 მილიონი რუბლის (2 მილიონ დოლარზე მეტი) მიწოდების საკითხი. რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საბოლოოდ, რა თანხა იქნება საჭირო დეკემბრის დეფიციტის დასაფარად, ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი“.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტში საჭირო ორი მილიონი დოლარი არ არსებობს და კვირის ბოლომდე ეს თანხა უნდა იყოს მოძიებული.
„ჩვენ ვეძებთ ფულს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ დავტოვოთ“, – განაცხადა ე.წ.ფინანსთა მინისტრმა, ვლადიმერ დელბამ.