ამ ადამიანებს ენატრებათ ის დრო, როდესაც სააკაშვილი ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ამ ქვეყანას როდესაც ის იყო დიქტატორი. ამ ნოსტალგიის გამოძახილია ის განცხადებები, რომელიც კეთდება ალასანიას მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მისმა [თემურ ალასანიას] დის შვილმა სცადა ერთხელ ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის – აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია. ჩვენ არ გვინდა ალასანიას და მისი დის შვილის გამოცდილების გამეორება. ეს წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს სხვა პოლიტიკა. ამით არიან გაღიზიანებულები ეს ადამიანები. ერთი, რომ საკუთარი ცოდვები აწუხებთ და მეორე – უნდათ საქართველოში იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია, ვერც მისი დის შვილი. როდესაც საუბარია დემოკრატიაზე, ესეც ენატრებათ ამ ადამიანებს. ამ ადამიანებს ენატრებათ ის დრო, როდესაც სააკაშვილი ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ამ ქვეყანას როდესაც ის იყო დიქტატორი. ამ ნოსტალგიის გამოძახილია ის განცხადებები, რომელიც კეთდება ალასანიას მხრიდან. საქართველოს, განსხვავებით მათი გამოცდილებიდან, უნდა ჰქონდეს მშვიდობა და დემოკრატია. ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი პოლიტიკა განსხვავებით ამ რეჟიმის პოლიტიკოსებისგან“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თემურ ალასანიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ალასანია ამბობს, რომ გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.
„პერიოდულად მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] აქვთ ხოლმე წამოცდენები და საზოგადოებას აძლევენ აღიარებით ჩვენებას და ეს იყო მორიგი წამოცდენა, რაც ჰქონდა თემურ ალასანიას. მათი სურვილია რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივება. ეს უბრალოდ წამოსცდა, თორემ ამას ხომ აკეთებდნენ ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.