“ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნების შემდგომ, მოკლე პერიოდში, საქართველოს დელეგაციების მიერ გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს შეერთებულ შტატების დაინტერესებას საქართველოს მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ვაშინგტონში, 6-8 თებერვალს გამართული სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„როგორც იცით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და ასევე, კონგრესის არჩევნების შემდგომ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები გამართოს ახალ ადმინისტრაციასთან და ამ პირობებში, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გაიმართებოდა ამ რანგის შეხვედრები, რაც თავისთავად, აღნიშნავს იმას, რომ ამერიკის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ და ახალი ადმინისტრაციის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მაღალი. ამ ფაქტს, თავისთავად, აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის”,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციამ სამი დღის განმავლობაში ოცდაათამდე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კონგრესმენებთან, სენატორებთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკსთან, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI), “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) და “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) ხელმძღვანელებთან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„რამდენიმე დღის წინ, დასრულდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრმა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, გაგვემართა ოცდაათზე მეტი შეხვედრა, აქედან უმრავლესობა კონგრესმენებთან და სენატორებთან, მათ შორის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
თავისთავად, ის ფაქტი, რომ სამი დღის განმავლობაში, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დაახლოებით ოცდაათ წარმომადგენელს შევხვედროდით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე დღის დანიშნულმა სახელმწიფო მდივანმა, ტილერსონმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ასევე, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.
„ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე, ამერიკის შეერთებულ შტატები წარმოადგენს ჩვენ მთავარ მეგობარს, მთავარ პარტნიორს და დარწმუნებულ ვარ, რომ ჩვენ, მომავალი წლების განმავლობაში, ამ ადმინისტრაციასთან გვექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო მჭიდრო, კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები დავამყაროთ და საქართველოს მომავალ განვითარებაში შეერთებულ შტატებს ექნება კიდევ უფრო დიდი როლი და დიდი წვლილი, ვიდრე აქამდე ყოფილა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის შეფასებები და გზავნილები, რომელიც შეხვედრების ფარგლებში გახმოვანდა არის იმის დასტური, რომ „ჩვენს ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან”.
ჟურნალისტის შეკითხვას, რა გავლენა შეიძლება იქონიოს აშშ-ში რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს აშშ-ში რუსეთთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში, ეს არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე და თუ რაიმე შეიცვლება, ეს იქნება კიდევ უფრო დაახლოების, დამეგობრების და საქართველოს მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა არის ცალსახა, არის ორპარტიული და არ ექვემდებარება გადახედვას, არავითარ შემთხვევაში. ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი: აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება
2017/02/11 18:34:47
კომენტარები
ნანახია: 1379 ჯერ