საერთოდ ადამიანი ყველაზე ხშირად როდის ახსენდებათ, ან როდესაც ძალიან უყვართ, ან როდესაც ეშინიათ. თქვენ დიდი სიყვარული არ გეტყობათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ – ეს არის შიში, – ამ სიტყვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმცირესობის წევრს ოთარ კახიძეს მიმართა.
ბესელიასა და კახიძეს შორის კამათი მოსამართლეების საკითხზე გაიმართა.
„სიცრუეა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ მურუსიძე გადმოიბირა. თქვენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ იძინებთ“, – განაცხადა ბესელიამ.
ამ განცხადებას ოთარ კახიძის შეკითხვა მოჰყვა – „მე ვერ ვიძინებ ბიძინა ივანიშვილის გარეშე?“
„საერთოდ ადამიანი ყველაზე ხშირად როდის ახსენდებათ, ან როდესაც უყვართ ძალიან, ან როდესაც ეშინიათ. თქვენ დიდი სიყვარული არ გეტყობათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს არის შიში. მან დაამთავრა ის საშინელი სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში იყო და ჩვენ ვერ ვერეოდით, ვინც ვიდექით ქუჩაში და ვებრძოდით ამ სისტემას, მაშინ როდესაც თქვენ კაბინეტებიდან იარაღებს გვიმიზნებდით, პირადად შენ არა, მაგრამ შენი მეგობრები. ჩვენ ვერ ვერეოდით და ეს ადამიანი გახდა ამ მოძრაობის სულისჩამდგმელი. მესმის, რომ მას ვერ პატიობთ, მაგრამ მას იმდენი სიკეთე აქვს ქვეყნის მიმართ გაკეთებული, თქვენ რაც არ უნდა ისაუბროთ მასზე, ვერ გააფერმკრთალებთ იმას, რაც გააკეთა“, – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიას ამ განცხადებას ოთარ კახიძემ რეპლიკით უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი „თანამედროვე ილია ჭავჭავაძეა“.