უკრაინის მხარდაჭერის დინამიკა შენელდა. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე უკრაინისთვის დაპირებული ახალი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90 პროცენტით შემცირდა. ამასთან, სენატის გადაწყვეტილებით უკრაინა ვერც ამერიკულ დახმარებას ვერ მიიღებს, რადგან სენატმა უკრაინის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი აცხადებს, რომ აშშ საკუთარი თავისთვის უკრაინის მეორე ვიეტნამად გადაქცევას რისკავს. სენატის გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მიმართა მოსახლეობას, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და სიმტკიცე, რადგან, უკრაინა არ დათმობს საკუთარ მიწას და გააგრძელდებს რუსული მონსტრის განადგურებას.
რატომ შეამცირა დასავლეთა უკრაინის მხარდაჭერა – ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
უკრაინის მოკავშირეებმა ქვეყნისთვის დახმარების მიწოდება მკვეთრად შეამცირეს, დახმარების მაჩვენებელი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. უდავოა, რომ უზარმაზარ დახმარებას ღებულობდა უკრაინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არასაკმარისი იყო. დღეს როგორ ხსნით დასავლეთის და მათ შორის აშშ-ის სენატის ასეთ გადაწყვეტილებას? რუსი ოპოზციონერი გარი კასპაროვი ამტკიცებს, რომ აშშ-ის მიზანი არ არის ამ ომში რუსეთის დამარცხება…
რამაზ საყვარელიძე: ყველა თავისთვის მისაღებ იდეას იცავს. გაბრაზებული კომენტატორები უკრაინაში და უკრაინის გარშემოდაც, მათ შორის კასპაროვი, როგორც უკრაინის გულშემტკივარი, რა თქმა უნდა, ამერიკას დაარტყამს უპირველეს ყოვლისა. მაგრამ, ჩემთვის ძნელია ამის გაზიარება, რადგან ჩემთვის შინაგანად ცხადი არ იყო იგებდა თუ არა უკრაინა. ვინაიდან მე უკრაინიას ვემხრობი და რუსეთი არ მინდა, ამიტომ მოვლენებზე თვალის დახუჭვა არ შემეძლო.
მით უმეტეს, რომ ასეთი განწყობა საფუძვლიანად მოანჯღრია თვითონ უკრაინელმა ლიდერებმა საქართველოსთან დამოკიდებულებაში და ემოციის გარკვეული ტალღა ჩააქრო მათმა დამოკიდებულებამ. უემოციოდ თუ შევხედავთ, ერთი რამ ფაქტია და მათ შორის კასპაროვსაც ვგულისხმობ, რომელსაც ემოციური შეფასება აქვს გაკეთებული, რომ მისთვის მთავარი იყო რუსეთის დამარცხება. მაგრამ, რუსეთის დამარცხება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს, მარტო კეთილი სურვილებით შეუძლებელია. უნდა იყოს გათვლილი რითი დაამარცხებ რუსეთს.
დამარცხების მექანიზმი არ იყო გათვლილი?
– სიმართლე გითხრათ მეგონა, რომ სანქციების თემა იმუშავებდა და ეს მიმაჩნდა ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად, მაგრამ არ იმუშავა ამ სანქციებმა. თვითონ დასავლეთმა დაარღვია თავისივე სანქციები და მოგებაზე გაიყვანა რუსეთი, რაზეა ლაპარაკი… ამ დროს ბაიდენმა გამოაცხადა, რომ რუსეთის დაშლა ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ მერე ჩინეთი დაიკავებს მთელ იმ სივრცეს და ეს ჩინეთს ძალიან გააძლიერებსო. მართალია, ჩინეთს გააძლიერებს თუკი რუსეთის სივრცეზე შევიდა, მაგრამ ეს თავიდან არ იყო ცხადი? თავიდანვე ცხადი არ იყო, რომ რუსეთს უფრო მეტი ადამიანის გამოყვანა შეუძლია ვიდრე უკრაინას? ხომ იცოდნენ რამდენი მილიონი ცხოვრობს უკრაინაში და რუსეთში? აქედან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი არ იყო, რომ ბრძოლა უკანასკნელ ჯარისკაცამდე, ფაქტობრივად, პუტინის სასარგებლოდ ბრძოლაა, რადგან მას მეტი ჯარისკაცი ეყოლებოდა და ა.შ.
ის იდეა, რომ დავასუსტოთ რუსეთი, ოღონდ არ დავამარცხოთ, როგორ შეიძლება ავხსნათ, ბაიდენის ამ იდეას აქვს გამარჯვების კონცეფცია?
– ძალიან მყიფე იდეა არის. გაუგებარია რას ნიშნავს დასუსტება. თუ რუსეთის დასუსტება ნიშნავდა მის საზღვართან მიყვანას, ეს არაა დასუსტება. წარმოვიდგინოთ სტალინს, ჩერჩილს და რუზველტს, ჰიტლერი რომ საზღვართან მიეყვანათ და მერე გაჩერულიყვნენ, ამით დამთავრდებოდა მეორე მსოფლიო ომი? – არა, რა თქმა უნდა. მოიკრებდა ძალას და ხელახლა გადავიდოდა შეტევაზე. იგივეს იზამს რუსეთი. თუკი საზღვართან გაჩერდები, მოიკრებს ძალას და მერე ხელახლა გადავა შეტავაზე. ასე რომ, გამაჯვების კონცეფცია არ აქვს ამ კამპანიას. კონცეპტუალურად კოჭლი პროექტია და ამიტომაც ნელ-ნელა იფიტება. ამავე დროს, მთელი დასავლეთის რესურსი იყრება ამ პროექტში და შედეგი არ არის. აქ უკვე მოდის დასავლეთის ინტერესები, აღარ უნდათ ამდენი რესურსის ჩაყრა. ორი წელია ომი მიდის მათი მატერიალური რესურსებით.
გაცილებით ტრაგიკულია თვითონ უკრაინის ბედი. იქ ადამიანების რესურსები ეწირება ამ ომს, მაგრამ დასავლეთის ფინანსური რესურსებიც ეწირება და აღარ უნდათ საკუთარი ფინანსური რესურსების შეწირვა, მით უმეტეს, რომ უკვე ნელ-ნელა ყველა იძახის ერთი და იმავეს. პარიტეტული მდგომარეობაა და იმავეს იძახის მხედართმთავარი ზალუჟნი, რომ თანაბარი მდგომარეობაა, ვერც ჩვენ მივდივართ წინ და ვერც რუსები მოდიან წინო.
კი, მაგრამ თუ ატყობთ, რომ პარიტეტული მდგომარეობაა, მაშინ დაჯდნენ, მოაწერონ ხელი დროებით ზავს მაინც და შეწყდეს სისხლისღვრა. აი, ეს აკვიატება, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, თუ არადა სუვერენიტეტს ვკარგავთ, ძალიან კარგად ჟღერს. მაგრამ, მაგ ბრძოლაში, რასაც ჰქვია შენი სუვერენიტეტის დაცვა, მოგყვებიან ის ქვეყნები, რომლის გარეშედაც ტყვია-წამალიც კი არ გაქვს? ამ პირობებში, როდესაც, პრაქტიკულად, არანაირი საომარი რესურსი არ გააჩნია უკრაინას, ყველაფრით დამოკიდებული არის უცხოეთზე და ჩნდება კითხვა – როდემდე შეიძლება უცხოეთმა ზიდოს უკრაინა?
რომელიც ამ დახმარებას არ იყენებდა მიზანმიმართულად, ვიცით, კორუფციული სკანდალი და არა ერთი…
– რაც არ უნდა კეთილგანწყობა ჰქონდეს ერთ ადამიანს მეორის მიმართ, რამდენი ხანი შეიძლება აიყვანოს ეს მეორე ადამიანი და არჩინოს? თან, უცხო და თან თავის კმაყოფაზე? შეიძლება ერთი კვირა, ერთი თვე, მაგრამ ორი წელი? ამიტომ ვამბობ, რომ კონცეპტუალურად მოუმზადებელი პროექტი აღმოჩნდა. არავინ იცოდა, რას ნიშნავდა გამარჯვება და სადამდე იბრძოლებდნენ ეს ქვეყნები, როგორც ფინანსურად, ასევე ეკონომიკურად უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის წინააღმდეგ. აღმოჩნდა, რომ ეგეც არავინ არ იცოდა. ფაქტია, რომ რახან დასავლეთმა დაარღვია თავისი სანქციები, ე.ი. დასავლეთი არ იყო რუსეთთან საბრძოლველად მზად. მასში არ იყო მომწიფებული ის აზრი, რომ რუსეთი უნდა განადგურდეს. მით უმეტეს ბაიდენი იძახდა, რომ რუსეთი კი არ გავანადგუროთ, არამედ დავასუსტოთ.
გაუგებარი ტერმინია რას ნიშნავს დასუსტება…
– რა თქმა უნდა. დასუსტებული ელცინის რუსეთიც იყო. გამოიყენა მაშინ დასავლეთმა ელცინის სისუსტე? – არა. ისევ ფეხზე დადგა და ისევ ყველას ემუქრება ეს რუსეთი. დავუშვათ, ახლა დაასუსტებ, მაგრამ რამდენი ხნით ასუსტებ და რა მექანიზმებით?
როგორც მოვლენები ადასტურებს, გადაწყვეტილი არ აქვთ და არც იციან, როგორ შეიძლება დაასუსტონ რუსეთი…
– აქ ყველაზე მეტად პასუხისმგებელი არის ამერიკა, მან აიღო ამ პროექტის მართვაზე პრეტენზია. ჯერ ინგლისმა და მერე ამერიკამ. მას რომ რუსეთის დასუსტების იდეა ჰქონდეს, მაშინ ჩინეთი უნდა გააძლიეროს. ჩერჩილი რკინის ფარდის მეტაფორიის ავტორია და მასზე დიდი ანტიკომუნისტი ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მან დაიწყო ინგლისის მხრიდან ჩინეთის შეიარაღება და რატომ? – ჩირჩილმა გათვალა, რომ ოდესმე ეს ორი ქვეყანა – ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთს დაეტაკებოდა და აიარაღებდა ჩინეთს სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი უფრო სუსტი ყოფილიყო.
ბუნებრივი მეტოქე უნდა იპოვო – არა? რუსეთის ბუნებრივი მეტოქე არის ჩინეთი. ტერიტორიები სჭირდება ჩინეთს – რუსეთის ტერიტორია. თან დაშინებულია ჩინეთისგან რუსეთი, აგერ, ნახევარი ციმბირი წაიღო და ხმას არ იღებს, ჩუმად არის. რატომ? – იმიტომ, რომ ეშინია რუსეთს. თუ ეშინია, მიდი რა, ჩინეთი გააძლიერე და იმით მიახრჩვე რუსეთი, მით უმეტეს ჩინეთს უნდა ტერიტორიების წართმევა და დაეხმარე. ასეთ შემთხვევაში ჩინეთი ამერიკის მადლიერიც დარჩებოდა და მსოფლიოსთვისაც რუსეთი უკვე დაჩოქილი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც არაფრის თავი არ ექნებოდა. მარტივი კონცეფციაა, მაგრამ გააკეთა? – არა. არ გამოიყენა ეს ხერხი ამერიკამ, ეს ხომ ყველაზე უფრო ნაღდი და გრძელვადიანი ხერხი იქნებოდა იმისა, რომ რუსეთი დაჩოქილი ენახა.
ამასობაში ჩინეთი გაძლიერდებოდა და გაძლიერებული ჩინეთი აწყობს ამერიკას?
– ჩინეთი შეიძლება მაინც გაძლიერდეს. ჩინეთის მოვლა კიდევ სხვა ტიპის პრობლემაა და სხვანაირად უნდა მოვლა. მარტო იმიტომ, რომ ჩინეთს არ ველაპარაკებიო, ეგ გამოსავალი არ არის და არც ტაივანის საკითხით ოპერირება არ არის სწორი. მარტივი ლოგიკით შეიძლებოდა მოქმედება. არ იმოქმედეს და რა გააკეთეს, კაცმა არ იცის. მე, ყოველი შემთხვევისთვის, დასკვნებს ვერ ვაკეთებ. მთელი ეს ტრაგედია და ათასობით ადამიანის ტრაგედია რისთვის დაატრიალეს, რა მიზნით და რა შედეგის მიღწევის სურვილით, ჩემთვის გაუგებარია.
რუსეთი დასუსტდეს – ეს სურვილი თავისთავად გასაგებია, მაგრამ მაშინ რატომ არ შეიძლებოდა იმ ვარიანტის გაკეთება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ?! რატომ არ შეიძლებოდა უფრო ეფექტური გზების ძიება? ვიეტნამი არის ნახსენები, კარგი, ჩაითრიეს ვიტნამის ომში თავის დროზე იგივე ამერიკა, ასევე ავღანეთის ომში, ხან ამერიკა ჩართეს, ხან რუსეთი, მაგრამ რომელიმე ისე დასუსტდა, რომ მერე სუთქვა ვერ შეძლეს? ანუ, ეს სტრატეგია, რომ ომში და ბრძოლაში დავასუსტოთ ქვეყანა, უჭკუო სტრატეგიაა. იბრძვის, მაგრამ რომ წააგოს, მერე წამოდგება. თავპირის მტვრევით გამოვარდა ბაიდენი ავღანეთიდან, იმიტომ, რომ წააგო. რა, დასუსტდა? ასე რომ, წაგება არ ნიშნავს სისუსტეს. უფრო სერიოზული პრობლემა არის რუსეთის დასუსტება და ეტყობა, უფრო სერიოზულად უნდა მოეფიქრებინათ, მაგრამ მეეჭვება, რომ ფიქრის უნარი ჰქონდეთ.
უმძიმესი ვითარებაა უკრაინაში, ამას უკვე თავად უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც არ მალავენ, მაგრამ საქართველოში ვითარება არის განსხვევებული და ამბობენ, რომ უკრაინა იმარჯვებს. ღმერთმა ქნას, რომ ასეც მოხდეს, მაგრამ როგორ ფირქობთ, გამარჯვების შანსი ეწურება უკრაინას?
– ნელ-ნელა იწურება ეს შანსები. უკრაინის ეს შანსი გამოიკვეთა ზალუჟნისა და თვითონ უკრაინელი ჯარისკაცების არაჩვეულებრივი ბრძოლისუნარიანობით. ახლა თვითონ ამ ჯარისკაცებს უპირისპირდება პოლიტიკური ხელმძღვანელობა. როგორ უნდა ააწყოს ბრძოლა, მებრძოლებთან დაპირისპირებულმა პრეზიდენტმა? აი, ეს არ მესმის. ამ ფონზე ასეთი აკვიატება, რომ გაიმარჯვებს და თქვენი თქმისა არ იყოს, მართლა ღმერთმა ქნას, რომ გაიმარჯვოს, მაგრამ დავუშვათ, რომ რუსეთი არ დამარცხდა და პუტინმა მოახერხა იმ ფრაზის თქმა, რაზეც ოცნებობს – „ჩვენ მიზანს მივაღწიეთ“, – ანუ, მაჟორული ემოციით თუ დაამთავრა ეს ომი, მერე გადაჭამს მთელს მსოფლიოს. ვის შეუვარდება ტანკზე ამხედრებული, კაცმა არ იცის. მათ შორის ჩვენც ამ რისკის ქვეშ ვართ. ანუ, შეიძლება მივიღოთ გათამამებული და გათავხედებული პუტინი, რომელსაც არც ისე აკლია თავხედობა.
ამ ომის პერიოდში ცოტა მისუსტდა, სიბერის ნიშნები გაუჩნდა, პლედს იფარებდა ერთ-ერთ პარადზე და ა.შ. მაგრამ ეგ თუ ღონიერად შემოტრიალდა, ეს მთელი მსოფლიოსთვის იქნება სახიფათო. მაგაზე მაინც ხომ უნდა დაფიქრებულიყვნენ, რომ დაჭრილი პირუტყვი კიდევ უფრო სახიფათოა, ვიდრე უბრალოდ პირუტყვი. პირუტყვია და ჭამს ნახევარ მსოფლიოს ჩვენი ჩათვლით, მაგრამ რომ დაიჭრება მერე კიდევ უფრო სახიფათო გახდება, ყველასთვის. ამიტომ იყო მისი მარცხი საჭირო, მაგრამ ვიმეორებ – პუტინის მარცხს და დაჩოქებას, ალბათ, მეტი ფიქრი სჭირდებოდა.
როგორ ფიქრობთ, პუტინის დაჩოქებაზე უკვე გვიანია ფიქრი? მისი ბოლო ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში ადასტურებს, რომ ნელ-ნელა ცდილობს დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს…
– კი და ვიზუალურადაც კი ეტყობა. ამ დღეებში ექნება ტრადიციული წლის პრესკონფერენცია და ვნახოთ, რა განწყობით იდგება. იქნება დასუსტებული, თუ პირიქით, გაძლიერებისკენ მიდის და იგრძნო გამარჯვების სუნი. გვახსოვს სცენარი, როდესაც ჩინეთის იმპერატორმა გამომშვიდოდებისას უთხრა, რომ მძიმე დღეები გელოდება და გაუძელიო, პუტინმა ვერაფერი ვერ უთხრა, გარდა იმისა, რომ როდესაც მანქანაში ჩაჯდა სი ძინპინმა ხელი დაუქნია და დიდ ხანს უყურებდა მიმავალ მანქანას. მაშინ, ასეთი დასუსტებული, მორღვეული და თავის თავში შეშინებული პუტინი იდგა.