ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ რაც მათი მხრიდან გვესმის, წითელი ხაზების გადაკვეთა, აბსოლუტური ზღვარდაგასულობა და ასევე, თავის მხრივ, განხეთქილების შემოტანისა და დესტაბილიზაციის, ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობაა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, გიგი უგულავას განცხადებას.
მდინარაძის თქმით, იმაზე დიდი მარაზმი, როდესაც მოქმედ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი პატრიარქთან ან ეკლესიასთან მიმართებაში რამე ცუდში ბრალს სდებს, ალბათ, აღარ არსებობს.
„ყოველთვის ვიქნებით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი უწმინდესობის გვერდით და ვერავის მივცემთ უფლებას, მათი სახელი პირადი და პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ. გასაგებია, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ რაც მათი მხრიდან გვესმის, წითელი ხაზების გადაკვეთა, აბსოლუტური ზღვარდაგასულობა და ასევე, თავის მხრივ, განხეთქილების შემოტანისა და დესტაბილიზაციის, ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობაა.
ერთი დღით ადრე, ვიდრე პროკურატურა განცხადებას გააკეთებდა, ის ვერსია, რაზეც ახლა თავად აპელირებენ, შემოგვთავაზა გვარამიამ. ამის შემდეგ ნორმალურად არავინ მოუსმინა პროკურორის სიტყვებს და ისეთ დღის წესრიგს გვთავაზობენ, რომ ამ თემაშიც კი რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ და პოლიტიკური დარტყმები მიაყენონ სახელმწიფოს, ეკლესიას. ასეთი თამაშის წესები ბუნებაში, პოლიტიკასა და მორალში აღარ არსებობს. გადავიდნენ ყოველგვარ ზღვარს და ნებისმიერ თემასთან, სიწმინდესთან შეხების ფასად, ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ ყველასა და ყველაფერს. ზღვარგადასული, ნეგატიური პიარკამპანიით ცდილობენ პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების დაწერას, რაც წარმოუდგენელი და ამაზრზენია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.