გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო. ეს გამოიხატა ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში მისული დამთვალიერებლების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით და საერთაშორისო გამოცემების გამოხმაურებით. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში შეიტანა წვლილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას. გისურვებთ, 2024 წელი დადებითი ემოციებითა და კარგი ამბებით გაგეტარებინოთ. წელს დედაქალაქი ახალ წელს, ტრადიციულად, დატვირთული პროგრამით შეხვდა. 2024 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდა, რომელიც 23 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო. ეს გამოიხატა ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში მისული დამთვალიერებლების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით და საერთაშორისო გამოცემების გამოხმაურებით.
მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში შეიტანა წვლილი. განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის 60 თანამშრომელი, რომლებიც საახალწლო ღონისძიებების ლოკაციებზე მუდმივ რეჟიმში წესრიგის, უსაფრთხოებისა და პიროტექნიკის გამოყენება-რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფდნენ.
მადლობას ვუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისიდან დედაქალაქის მორთვასა და გალამაზებაში არიან ჩართული, საახალწლო ღონისძიებების ადგილებში კი სისუფთავისა და განათებების გამართულობას მუდმივად უზრუნველყოფენ.
„საახალწლო სოფლის“ შენებაში გაწეული უდიდესი წვლილისთვის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს ბანკი, „კოკა-კოლა“ და „ვისოლ ჯგუფი“. მადლობას ვუხდი კერძო კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ქალაქის მთავრობასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებების იერსახის შექმნაზე იზრუნეს.
მინდა მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ისინი ყოველდღიურად აშუქებდნენ იმ სილამაზეს და ღონისძიებებს, რომლებიც თბილისთან იყო დაკავშირებული. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქალაქი განსაკუთრებულად ლამაზი იყო და შემთხვევითი არ იყო ის, რომ მსოფლიო გამოცემებში თბილისზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ. ეს მთელი ქალაქის და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების დამსახურებაა. ჩვენ ყველა ამ ქალაქს ვემსახურებით და გვსურს, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი იყოს, და მეც ძალიან მიხარია ეს აღიარება, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ მომდევნო წლები კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესო იქნება.
ღონისძიებებში წელს ათასობით ადამიანი მონაწილეობდა: მუსიკალური ჯგუფები, გუნდები, საბავშვო სტუდიები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, საესტრადო შემსრულებლები, ანიმატორები და სხვა.
წელს განსაკუთრებულად დიდი ინტერესი იყო საახალწლო ბაზარში მონაწილეობაზე. ამ 23 დღის განმავლობაში, ჯამურად წარმოდგენილი იყო 289 მეწარმე და 164 კვების ობიექტი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.