თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც სხდომის დაწყების წინ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, სააკაშვილს შესთავაზეს პროცესში მონაწილეობის მიღება დისტანციური ფორმით ან დარბაზში დასწრების სახით, რაზეც სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა.
„სასამართლოსთვის წარმოდგენილია პენიტენციური დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმი, რომლის მიხედვით, ირკვევა, რომ პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტის ოფიცრებმა მსჯავრდებულს შესთავაზეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება ან დისტანციურად ჩართვა, რაზეც მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. მისივე განმარტებით, უარის მიზეზად დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.