პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, როზმარი დიკარლომ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში სიკვდილი, ნგრევა და დესტაბილიზაცია უკვე კატასტროფულია.
როზმარი დიკარლომ ხაზი გაუსვა გაეროს მტკიცე მზაობას, მხარი დაუჭიროს ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად.
“ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მძიმე შეიარაღებული კონფლიქტის მესამე წლის ზღვარზე ვართ და [ამ ომის] დასასრული არ ჩანს. ამ უაზრო ომის საფასური – სიკვდილი, ნგრევა და დესტაბილიზაცია – უკვე კატასტროფულია. საშინელებაა იმის ფიქრი, თუ სად შეიძლება ამან მიგვიყვანოს. ეს უნდა შეწყდეს”, – აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.
დიკარლოს თქმით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის – 10 242 დაღუპული, მათ შორის 575 ბავშვი და 19 300-ზე მეტი დაშავებული, მათ შორის 1 264 ბავშვი – თითქმის 70% დაფიქსირდა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.